თილითი

თილითი, სოფელი ისტორიულ ოდიშში. თ-ის თანამედროვე სახელია აბააჟვახუ. თ. დამოწმებულია 1516–1639 რამდენიმე საეკლ. დოკუმენტში და არქანჯელო ლამბერტის რუკაზე. საეკლ. დოკუმენტების მიხედვით თ-ში იყო ერთ-ერთი სასახლე დას. საქართველოს კათოლიკოსისა, რ-ის წინაშე ფეოდ. ვალდებულება ჰქონდა ამ სოფელში მოსახლე დაახლოებით ორმოცი ყმა გლეხის ოჯახს. თ-ის საეკლ. სასახლეში დიდი მშენებლობა ჩაუტარებია აფხაზეთის (დას. საქართველო) კათოლიკოსს მალაქია II-ს. ამ სოფელში რამდენიმე მსახურს აფხაზეთის კათოლიკოსის სამხ. სამსახური ემართა. სოფელი დღეს აღარ არსებობს. თ-ის სასახლის ნანგრევები შემორჩენილია ოჩამჩირის მუნიციპალიტეტის სოფ. თხინის ერთ-ერთ უბანში, რ-საც „კაპა ჟვაბუს" (სიტყვასიტყვით – „შენობის იქით") ეწოდება. ამ ნანგრევებს დღემდე „თლით აბაას", ანუ „თილითის შენობას" ეძახიან. ეს არის ნაგებობათა კომპლექსი გორაკზე, რ-საც გალავანი შემოუყვება. გალავნის შიგნით დგას ერთნავიანი ეკლესია. აქვე, ჩრდ. დას-ით, მდ. მოქვის მარცხ. ნაპირზე, ზუსტად იმ ადგილას, სადაც არქანჯელო ლამბერტის რუკაზე სოფ. თ. არის მითითებული საცხოვრებელი პალატების ნანგრევებია. ეს სოფელი მოიშალა XVII ს. მიწურულში აფხაზეთის მიერ ჩრდ.-აღმ. ოდიშის დაპყრობის დროს.

ლიტ.: ბერაძე თ., ოდიშის სამთავროს პოლიტიკური რუკა არქანჯელო ლამბერტის მიხედვით, «მაცნე». ისტორიის სერია, 1973, N3.

თ. ბერაძე