თილისმა (ბერძნ. სიტყვიდან télesma – აღსრულება, რელიგიური წესების შესრულება), ნივთი, მცენარე, ცხოველი, რომელსაც ადამიანისათვის ბედნიერება, სიკეთე, წარმატება, ბარაქა, ნაყოფიერება მოაქვს; ზოგჯერ მას ადამიანის დაცვის თვისებასაც მიაწერენ. განსხვავებით ავგაროზისგან (ადამიანის მხოლოდ დამცველი ფუნქციის, პასიური ხასიათის მქონე საგანი), თ-ს ადამიანზე აქტიური ზემოქმედების უნარი გააჩნია. იგი როგორც ამულეტი, შეიძლება იყოს ორგანული ან არაორგანული წარმოშობის, ადამიანის მიერ გაკეთებული, ხშირად შელოცვილი ნივთი. საქართველოში თ-ად მიიჩნევენ ცხენის ნალს, ზოდიაქოს ნიშნებს, ე. წ. ნატვრისთვალს (ზოგჯერ ასეთად თვლიდნენ ქვას, რ-საც გველი ფლობდა), ძვირფას თუ ნახევრადძვირფას ქვებს, მათგან გაკეთებულ საგნებს, მაგ., ქართ. მითოლოგიური პერსონაჟის – ამირანის ალმასის ჯადოსნური დანა და სხვ. უძველეს ხანაში ადამიანის დაცვის თუ სიკეთის, ნაყოფიერების მოტანის თვისებას სხვადასხვა სახის სამკაულს მიაწერდნენ. არ არის გამორიცხული, რომ ასეთი ფუნქცია ჰქონდა ვანში აღმოჩენილ ყელსაბამს კუს გამოსახულებიანი საკიდებით (კუ ოჯახური სიმყუდროვის, მარადიულობის, ნაყოფიერების სიმბოლოს წარმოადგენს).
თ-ს ზოგჯერ უარყოფითი დატვირთვა აქვს. მას ვნების მოტანის მომაჯადოებელ თვისებას მიაწერენ.
თ-ის ისევე, როგორც ამულეტის, ტარებას ქრისტიანობა კრძალავს.
იხ. აგრეთვე ავგაროზი.
ლიტ.: ლორთქიფანიძე ნ. ძველი ქართული სამკაული, თბ., 2015; ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2011; Чупсин Г. Ф. Амулеты и талисманы кавказских народов Махач-Кала 1929.
ნ. მინდაძე