თიტმარი

თიტმარი, (Thietmari), XIII საუკუნის გერმანელი პილიგრიმი. მან მეხუთე ჯვაროსნულ ლაშქრობამდე (1217–21) ცოტა ხნით ადრე მოინახულა წმინდა მიწა. თ-ის მონათხრობში მეტად საყურადღებოა შემდეგი ფაქტი: 1217, შეძლებისდაგვარად მშვიდობიანად რომ მიეღწია აკონიდან სინას მთაზე მდებარე წმ. კატერინას მონასტრამდე (სადაც მრავალი ქართვ. მოღვაწეობდა), თ-მა ჩაიცვა ქართვ. ბერის ტანსაცმელი და დაიყენა გრძელი წვერი ქართველი ბერების ყაიდაზე. ეს შემთხვევა კარგად გვიჩვენებს ქართ. სახელმწიფოსა და ქართველების გავლენას მთელ მაშინდელ აღმ. სამყაროში. თ-ის ცნობით (1217), „ქართველები თაყვანს სცემენ წმინდა გიორგის, არიან მძლავრად შეიარაღებულნი და დიდ ზიანს აყენებენ სარკინოზებს. ატარებენ თმასა და წვერს, ყველა მათგანს აქვს ტონზურა (საქოჩრეზე მოპარსული ადგილი) როგორც საერო, ასევე სასულიერო პირებს: საერო პირებს – კვადრატული, სასულიეროებს – მრგვალი. აქვთ საკუთარი დამწერლობა და ახურავთ ერთი წყრთის სიგრძის ქუდები".

ლიტ.: თვარაძე ა., საქართველო და კავკასია ევროპულ წყაროებში (XII–XVI საუკუნეთა ისტორიოგრაფიული და კარტოგრაფიული მასალის საფუძველზე), თბ., 2004.

ა. თვარაძე