თოდაძე გივი ასლანის ძე

გ. თოდაძე

თოდაძე გივი ასლანის ძე (დ. 9. V. 1926, ქუთაისი), არქიტექტორი. საქართვ. დამს. არქიტექტორი (1967). დაამთავრა თბილ. სამხატვრო აკადემია (1951). 1951–92 მუშაობდა არქიტექტორად სხვადასხვა საპროექტო ორგანიზაციებში: „ქუთოლქპროექტი" „საქქალაქმშენსახპროექტის" ქუთაისის ფილიალი, „ქუთქალაქპროექტი" და სხვ. იყო ქუთაისის მთ. მხატვარი (1975–76). 1992-იდან დღემდე არის ინდივიდ. საწარმოს „იერსახეს" დირექტორი. ძირითადი ნამუშევრები: ქუთაისში – მაუდის ფაბრიკის საბავშვო ბაღი (1957, არქიტ. თ. კოპტანაშვილთან ერთად); რუსთაველის სახ. ხიდი (1965; ინჟ. გ. ჩომახიძე), სამხატვრო გალერეა (1976, არსებული შენობის რეკონსტრუქცია არქიტ. ს. გაგუასთან ერთად); მეგობრობის მემორიალი „ნიკეა – ქუთაისი" (1985, არქიტ. გ. ჯაბუასთან ერთად, მოქანდაკე – გ. ნიკოლაძე); თერჯოლაში – ქორწინების სახლი (1965) და სამხატვრო გალერეა (1967). დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1996), არის თერჯოლის (2000) და ქუთაისის (2003) საპატიო მოქალაქე. 2011 საქართვ. არქიტექტორთა კავშირმა მიანიჭა „არქიტექტურის რაინდის" საპატიო წოდება.

თ. გერსამია