თოთხამის ციხე

თოთხამის ციხე, მდებარეობდა გუჯარეთის ხეობაში. ვახუშტი ბატონიშვილი მოიხსენიებს თავის წიგნში „აღწერა სამეფოსა საქართველოსა": „არს გუჯარეთის ჩრდილოეთ, მაღალ მთის თხემსა ზედა, ციხე ტოთხამი, მჭვრეტელი ქართლ-იმერეთისა". ციხის სახელი „ტოთხამი" დაკარგულია და ვახუშტის ნაშრომის გარდა არც ერთ წყაროში აღარ იხსენიება. ადგილობრივები ახლა მას „ბარძუნჯვარს", ე. ი. მაღალ ჯვარს, უწოდებენ.

ხეობის ზედა დასახლებული პუნქტების – გუჯარეთისა და წითელსოფლის – ჩრდ-ით, ძამისა და ტანის ხეობებში მიმავალ გზაჯვარედინზე, 2300 მ სიმაღლის მთის თხემზე აღმართულ თ. ც-ს მნიშვნელოვანი სტრატეგიული მდებარეობა ეკავა. მისი აგებით ხეობის ზემო წელის ციხისუფალი აკონტროლებდა ქართლის პროვინციებიდან ჯავახეთ-თრიალეთის საძოვრებისაკენ მიმავალ გზას.

დღეს მხოლოდ თ. ც-ის გალავნის უმნიშვნელო ნაშთია შემორჩენილი. თ. ც-ს, ჩანს, ადრევე დაუკარგავს ფუნქცია, კერძოდ, XIII ს-ში, როდესაც თორელებმა ძამის ხეობა იგდეს ხელთ და მის ციხესაც დაეპატრონნენ. თ. ც. მხოლოდ გზის ჩამკეტი სეზონური ციხე არ ყოფილა, მის საციხისთავო ერთეულში უნდა ყოფილიყო ახლომდებარე, ამჟამად უსახელო ნასოფლარები, აგრეთვე სოფლები გუჯარეთი და წითელსოფელი.

ლიტ.: ბერძენიშვილი დ., გიორგიძე მ., ჩაჩხუნაშვილი ც., ჭანიშვილი გ., გუჯარეთი, თბ., 1987.

ზ. ცინცაძე