თოირა-თეფე I

თოირა-თეფე I, ადრინდელი სამიწათმოქმედო ხანის (ძვ. წ. V. ათასწლ.) ნასოფლარი ყაზახის რაიონში (აზერბაიჯანი). დაზვერვითი გათხრების შედეგად (ი. ნარიმანოვი, ჯ. რუსტამოვი) გორანამოსახლარზე (სიმაღლე 6 მ დიამ. 100 მ) დადასტურებულია წრიული გეგმის ალიზის ნაგებობანი. ნაპოვნია უხეში, ხელით ნაძერწი კერამიკა – წრიული და ნუშისგულისებური კოპებით შემკული ბრტყელძირიანი და ქუსლიანი ქილები და მათი ფრაგმენტები, ობსიდიანის დანისებური ფირფიტები (ლამელები) და მათზე ნაკეთები იარაღი, კაჟის ნამგლის ჩასართები, გახეხილ-გაპრიალებული ცულები, ხელსაფქვავები, როდინი და სხვ., მსხვილფეხა საქონლის ძვლებისა და ირმის რქისაგან ნაკეთები თოხები, წვრილფეხა საქონლის ძვლებისაგან დამზადებული სადგისები, საპრიალებლები და სხვ.

თ.-თ. I ახლოს დგას ქვემო ქართლის ნამოსახლარებთან და შულავერ-შომუთეფეს კულტ. განვითარებულ საფეხურს განეკუთვნება.

ბორცვის ზედა ფენებში მიკვლეულია გვიანდ. ბრინჯაოს ხანის თხელი ფენა და შესაბამისი არქეოლ. მასალა.

ლიტ.: Рустамов Д. Н., Разведочные раскопки в Тойретепе, წგ.: Материальная культура Азербайджана, т. 6, Баку, 1965 (აზერბ. ენაზე რუს. რეზიუმეთი).

თ. კიღურაძე