თომა სლავის აჯანყება, ბიზანტიაში ძალაუფლების მოსაპოვებლად 821–823 გამართული ბრძოლა. აჯანყების მეთაურის თომა სლავის შესახებ არსებული ცნობები ურთიერთსაწინააღმდეგოა. იოსებ გენესიოსის თანახმად, იგი წარმოშობით სკვითი ან სომეხი იყო. თეოფანეს გამგრძელებელი მას სლავად მიიჩნევს. მიქაელ II-ის (820–829) გამეფებამდე მცირე ხნით ადრე მან საიმპერატორო გვირგვინისათვის დაიწყო ბრძოლა. საბოლოოდ იგი დამარცხდა და იმპერატორმა მიქაელმა სიკვდილით დასაჯა.
აჯანყების დროს თომა სლავის დროშის ქვეშ გაერთიანებული იყვნენ იმპერიის აღმ. პროვინციების თემები, მცირე აზიისა და კავკ. ხალხები. იოსებ გენესიოსის ცნობით, თომა სლავის ლაშქარში შედიოდნენ აგარიანთა, ინდთა, ეგვიპტელთა, ასირიელთა, მიდიელთა, აბაზგთა, ჯიქთა, იბერთა, კაბირთა, სლავთა, ჰუნთა, ვანდალთა და მეოტთა, ლაზთა და ალანთა, ხალიბთა და არმენიელთა წარმომადგენლები. თეოფანეს გამგრძელებელი არ იხსენიებს აბაზგებსა და ლაზებს, მაგრამ აქაც, ისევე როგორც გენესიოსთან, ხაზგასმულია, რომ თომას მომხრე ყველა ტომი მანიქეველი იყო.
წყარო: გეორგიკა. ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ს. ყაუხჩიშვილის გამოც. ტ. 4, თბ., 1952.
ლიტ.: Липшиц Е., Восстание Фомы Славянина, «Вестник древней истории», 1939, №1.
ნ. მიწიშვილი