თორელები

თორელები, დიდგვარიან ფეოდალთა საგვარეულო XII–XIV საუკუნეების საქართველოში. სახელწოდება წარმოდგება მათი საგვარეულო მამულიდან – თორი (ახლანდელი ბორჯომის მუნიციპალიტეტი). თ-ის წარმომავლობაზე სამეცნ. ლიტ-რაში არსებობს სხვადასხვა მოსაზრება: ს. კაკაბაძე თ-ს მიიჩნევს მხარგრძელთა საგვარეულოს განშტოებად. ლ. მუსხელიშვილის აზრით, თ-ის სახლი უკავშირდება სამძივართა გვარს; ნ. შოშიაშვილს მიაჩნია, რომ თ-ის სახლი წარმოიქმნა გამრეკელთა საგვარეულოდან (პირველად იხსენიება X ს-ში), ხოლო გამრეკელი, გვარის აღმნიშვნელი სიტყვა, თ-ში იქცა სახელად რაც XII ს-იდან მართლაც დასტურდება მხოლოდ თ-ისა და მათი შთამომავლების – ჯავახიშვილების – გვარში (ისევე, როგორც კახა).

სამეცნ. ლიტ-რაში გამოთქმულია მოსაზრება (ს. კაკაბაძე, ნ. შოშიაშვილი, ს. ცაიშვილი), რომ XII–XIII სს. გენიალური ქართვ. პოეტი შოთა რუსთაველი თ-ის საგვარეულოდან იყო და რუსთაველი იმიტომ ეწოდა, რომ მესხეთის რუსთავს ფლობდა სამამულედ. ამ მოსაზრებას ამყარებს ის გარემოება, რომ თ-ის საგვარეულო მესხური წარმომავლობის იყო და ამ საფეოდალოში შედიოდა რუსთავი; აგრეთვე ისიც, რომ იერუსალიმის ჯვრის მონასტრის აღაპში შოთა იხსენიება მეჭურჭლეთუხუცესად. ეს სახელო კი ამ პერიოდში თ-ს ეპყრათ.

XII ს. II ნახევრიდან XIII ს. 60-იან წლებამდე თ-ის სახლის თავადები (ე. ი. ფეოდ. საგვარეულოს უფროსები) იყვნენ როგორც საქვეყნოდ გამრიგე მოხელეები (ახალქალაქის ერისთავთერისთავები), ისე დარბაზის რიგის მოხელეები – უწყების მეთაურები (ამილახვრები, ამირსპასალარები, მეჭურჭლეთუხუცესები). ამასთან ერთად, თ-ს ზოგჯერ საგამგებლოდ ეძლეოდათ სახასო ქვეყნის (ე. ი. სამეფო დომენის) რომელიმე ნაწილიც. მაგ., 1163 ანისის გამგებელი ყოფილა კახა თორელი. ასევე საგამგებლოდ ჰქონდათ თ-ს, როგორც ჩანს, საუფლისწულო დომენი – ძამის ხეობა – და სამეფო დომენი – „კარული ქვეყანა" (კარის, ანუ ყარსის მიმდგომი მხარე). ორივე ეს მხარე მათ შემდეგ საკუთარ მამულად აქციეს („კარული ქვეყანა" თორელ-ახალციხელებს XIII ს. 70-იან წლებში მედროვე სადუნ მანკაბერდელმა წაართვა). თ-მა ხელთ იგდეს სხვა მამულებიც: ახალციხე (სამცხეში), ღობიეთი (ჯავახეთში), ქვეში (ქვემო ქართლში), ძამა (შიდა ქართლში). ამის მიხედვით წარმოიქმნა თ-ის საგვარეულო განშტოებები: ახალციხელები ღობიარები ქვეშელი, ძამელი. XII ს-იდან თ-ის ფეოდ. მფლობელობა გავრცელდა თეძმის ხეობაზეც. აქ XIII ს-ში ჩამოყალიბდა თორელ-ჯავახიშვილთა ახ. საფეოდალო, რ-იც XIV ს-იდან იქცა ჯავახიშვილთა სათავადოდ.

წყარო: ბასილი ეზოსმოძღუარი, ცხოვრება მეფეთ-მეფისა თამარისი, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 2, თბ., 1959; ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი, იქვე; ჟამთააღმწერელი, იქვე.

ლიტ.: მუსხელიშვილი ლ., თორელთა გენეალოგიის გარკვევის ცდა ჰამამლუს XII ს. წარწერებთან დაკავშირებით, «საქართველოს სახელმწ. მუზეუმის მოამბე», 1940, ტ. 10 B; შოშიაშვილი ნ., თორელთა ფეოდალური სახლის ისტორია და შოთა რუსთაველი, კრ.: შოთა რუსთაველი, თბ., 1966.

ნ. შოშიაშვილი