თორთომის ციხე

თორთომის ციხე (თურქ. წყაროებში – თორთუმი, ევროპულ წყაროებში – კორკონი), მდებარეობს ისტორიულ ტაოში (ამჟამად თურქეთის ტერიტ.), მდ. ჭოროხის მარჯვ. შენაკადის, თორთომისწყლის (ახლანდ. თორთუმჩაი) სათავეებთან. ჯერ კიდევ XX ს. დასაწყისში თ. ც. კარგად ყოფილა შემონახული და, როგორც ე. თაყაიშვილი შენიშნავს, ძლიერ წააგავდა გორის ციხეს.

მდინარის შუაში, მაღალ კლდოვან კუნძულზე, აღმართული თ. ც. დიდი და კარგად გამაგრებული სიმაგრე ყოფილა. თურქების დახასიათებით, „თორთუმის ციხესიმაგრე, ერთ-ერთი უმტკიცესი, ჯოჯოხეთური და აუღებელი სიმაგრე, ცის კამარას მიბჯენილი ბასტიონებით, ერთ-ერთი ყველაზე განთქმულია ციხესიმაგრეთა თანავარსკვლავედში". თორთომის შიდაციხეში სხვადასხვა საფორტიფიკაციო ნაგებობასთან ერთად განლაგებული ყოფილა საცხოვრებელი სახლები და ეკლესია, რ-ის ნანგრევები დღემდეა შემორჩენილი. ოსმალთა დაპყრობების შემდეგ თ. ც-ში სულთან სულეიმანის ჯამეც გაჩნდა. თ. ც-ის ქვედა გარეუბანში შვიდასამდე კეთილმოწყობილი ნაგებობა მდგარა. ქალაქს ჰქონდა აბანოები, ფუნდუკები, დუქნები. აქვე ყოფილა მარილის საბაჟოც. საცხოვრებელ სახლებს გარს ერტყა ბაღ-ვენახები. განსაკუთრებით ფასობდა ყურძენი, მსხალი, ატამი, რ-ებიც დიდი რაოდენობით გაჰქონდათ ვაჭრებს ერზურუმში. თ. ც. ტაოს ერთ-ერთი თემის – თორთომის – ადმ. ცენტრი იყო. დროთა განმავლობაში მას სხვადასხვა ფეოდ. საგვარეულო ფლობდა, მ. შ. ფანასკერტელები, ჯაყელები. XVI ს. დასაწყისში თ. ც-ს დაეუფლნენ ჯაყელთა ვასალები, ქურცინა და მისი შვილები. ამავე საუკუნის შუა წლებში მას განაგებდა ვინმე როსტომი. თ. ც-ს უაღრესად დიდი სამხ.-სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან მცირე აზიიდან საქართველოში შემომავალ უმთავრეს გზებს იცავდა. ციხის მდებარეობა საშუალებას აძლევდა მეციხოვნეებს გამკლავებოდნენ მოწინააღმდეგის ჭარბ ძალასაც (მაგ., თ. ც-თან თაყა ფანასკერტელმა დაამარცხა შემოსული თურქმანი დამპყრობლები). ეს გარემოება მტერმაც კარგად იცოდა და საქართველოში დასამკვიდრებლად ამ ციხის აღებასაც ცდილობდა. XI ს-ში თ. ც-ში ბიზანტ. გარნიზონი იდგა, მოგვიანებით კი, XIV–XV სს-ში, თ. ც. თემურლენგისა და უზუნ-ჰასანის ჯარისკაცებს ეპყრათ. მაგრამ მტრის ყოველი ასეთი წარმატება ეპიზოდური ხასიათისა იყო. 1549, ერთკვირიანი ბრძოლის შემდეგ, თ. ც. ოსმალებმა აიღეს და იგი თორთომის სანჯაყის ადმ. ცენტრად გამოცხადდა.

წყარო: აბულაძე ც., თურქული წყაროები XVI ს. I მეოთხედის სამცხე-საათაბაგოს ისტორიისათვის, თბ., 1983; ევლია ჩელების „მოგზაურობის წიგნი" ნაკვ. 1, თბ., 1971; ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973.

ლიტ.: Такайшвили Е., Археологическая экспедиция 1917 года в южные провинции Грузии, Тб., 1952.

გ. ჭეიშვილი