თორნიკე ერისთავი

თორნიკე ერისთავი (გ. 985), სახელმწიფო და სასულიერო მოღვაწე, დავით III დიდი კურაპალატის სახელგანთქმული სარდალი, ათონის ივერთა მონასტრის ერთ-ერთი მაშენებელი, ტაოელი დიდებულის ჩორდვანელის ძე. ბერად აღკვეცის შემდეგ ეწოდა იოანე. ერთხანს ათონის მთაზე, ათანასე დიდის ლავრაში, მოღვაწეობდა. 979 თ. ე-ს ბიზანტ. სამეფო კარმა შუამდგომლობა სთხოვა დავით კურაპალატთან, რათა იგი დახმარებოდა ბარდა სკლიაროსის აჯანყების ჩაქრობაში. თ. ე-მა თავდაპირველად ბერობა მოიმიზეზა და შემოთავაზებაზე უარი თქვა მაგრამ შემდეგ ხელისუფლებისაგან მოსალოდნელი რისხვის თავიდან ასაცილებლად დათანხმდა. დავით კურაპალატმა თ. ე-ის სარდლობით ბიზანტიაში გაგზავნა 12 ათასი მხედარი, რ-ებმაც სძლიეს სკლიაროსს და ხელთ იგდეს დიდი ნადავლი. ბიზანტ. ხელისუფლების დაპირების თანახმად, ნადავლი თ. ე-ს ეკუთვნოდა. ნაწილი ამ სიმდიდრისა მან ათანასეს ლავრას და ბერძენთა სხვა მონასტრებს შესწირა, ხოლო უდიდესი ნაწილი ათონის ივერთა მონასტრის აგებას მოახმარა. 980 წლის ახლო ხანებში თ. ე-ს ბიზანტ. კეისარმა სვინგელოზის (პატრიარქის თანაშემწე ბერი) წოდება უბოძა. თ. ე-ის შეკვეთით გადაწერილია ოშკის ბიბლია (978) და კირილე ალექსანდრიელის თხზულების „განძის" – 981 წლის ნუსხა.

წყარო: გიორგი მთაწმიდელი, ცხორებაჲ იოვანესი და ეფთჳმესი, წგ.: ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, ილ. აბულაძის რედ., წგ. 2, თბ., 1967.

ა. ბოგვერაძე