თორღვას ბრძოლა 1578

თორღვას ბრძოლა 1578, ბრძოლა კახეთის სამეფო ტახტის პრეტენდენტებს შორის. 1574 გარდაიცვალა კახეთის მეფე ლევანი. მის შვილებს შორის დაიწყო ბრძოლა ტახტის დასაუფლებლად. თავდაპირველად ტახტზე ქაიხოსრო ავიდა (ლევანის შვილი შამხალ ყარამუსალის ასულისაგან). ალექსანდრემ (ალექსანდრე II, ლევანის შვილი გურიელის ქალისაგან) თავი ყაზახს შეაფარა. ალექსანდრეს მიემხრნენ ქართლის მეფე დავით X (დაუთ-ხანი), მისი სიმამრი ბარძიმ ამილახვარი, ელიზბარ ქსნის ერისთავი და რამდენიმე კახი თავადი. ბრძოლა გაიმართა თორღვას (ახლანდ. ახმეტის მუნიციპალიტეტი). ალექსანდრემ გაიმარჯვა და სამეფო ტახტიც მას დარჩა.

წყარო: დოკუმენტები საქართველოს სოციალური ისტორიიდან, ნ. ბერძენიშვილის რედ., I, თბ., 1940; ეგნატაშვილი ბ., ახალი ქართლის ცხოვრება, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 2, თბ., 1959.

ლიტ.: საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 4, თბ., 1973.

გ. ნარსია