თოფხანა, ქვემეხების, მორტირებისა და თოფ-დამბაჩების დამამზადებელი ქარხანა. საქართველოში თ. XVIII ს. შუახანებში. დააარსა ერეკლე II-მ თ. მდებარეობდა თბილისში ბატონის მოედანზე (ახლანდელი ერეკლე II-ის მოედანი), იქვე თოფხანის ქუჩაც იყო. თოფჩიბაშის ხელმძღვანელობით ქვემეხს მბურღავები, ხუროები, დურგლები, მქლიბავები ამზადებდნენ. ისინი გასამრჯელოს ფულით იღებდნენ. ერეკლე II-ის განკარგულებით თ-ის ოსტატებს პირადი თავისუფლება და საგადასახადო შეღავათებიც ენიჭებოდათ. 1725 მ. ელიევიჩმა რუსულიდან ქართულად თარგმნა საარტ. საქმის სახელმძღვანელო. ამ სახელმძღვანელოთი ისარგებლა ერეკლე II-ის თოფჩიბაშმა გიორგი თარხანმა და ჩამოასხა ზარბაზნები. გიორგი თარხანის საქმე განაგრძო პაატა ანდრონიკაშვილმა, რ-საც საარტ. განათლება რუსეთში ჰქონდა მიღებული. მან თბილისში მოაწყო საამქრო, სადაც გადაადნო ძველი ზარბაზნები და ჩამოასხა ისინი ევროპული კალიბრების მიხედვით. 1784-იდან ერეკლე II-ს ზარბაზნების კეთებაში ავსტრიელი ი. გეტინგიც ეხმარებოდა, რ-იც კრწანისის ბრძოლაში აღა-მაჰმად-ხანს ჩაუვარდა ტყვედ. თ-ის საქმიანობის შესასწავლად მეფე ქართველ ახალგაზრდებს რუსეთში აგზავნიდა. კრწანისის ომში ქართული არტილერია ირანულს ბევრად აღემატებოდა. აღა მაჰმად-ხანმა ქვემეხები გაანადგურა, ოსტატები კი ოჯახებით თეირანში გადაიყვანა სამუშაოდ.
ქართველებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს რუსული საარტ. საქმის განვითარებაში. რუსული არტილერიის პირველმა ფელდცეიხმაისტერმა ა. ბაგრატიონმა, რ-მაც საარტ. საქმე კენისბერგსა და ჰააგაში შეისწავლა, ქართ.-რუს. ენაზე შეადგინა საარტ. წიგნი. ამ დარგის ქართვ. ავტორები იყვნენ აგრეთვე ი. და გ. ბაგრატიონები. რუსული არტილერიის განვითარებაში ღვაწლი მიუძღვის პოლკ. ს. ჩოლოყაშვილს, რ-მაც XVIII ს-ში რუსეთში სატყორცნი მანქანის გამოგონებისათვის უმაღლესი ჯილდო დაიმსახურა. მან საქართველოში დაიწყო თ-ის გაუმჯობესება, მაგრამ გენ. გ. ტოტლებენმა ის რუსეთში გადაასახლა.
ლიტ.: ბაძოშვილი თ., სამთო–მეტალურგიული წარმოება XVIII საუკუნიის აღმოსავლეთ საქართველოში, თბ., 2012; კლიმიაშვილი ა., საარტილერიო მშენებლობა აღმ. საქართველოში XVIII ს. II ნახევარში, ხელნაწერთა ინ-ტის მოამბე, 1962, ტ. IV.
კ. ჩოლოყაშვილი