თოჯინების თეატრი

თოჯინების თეატრი, თეატრალური წარმოდგენის სახეობა, სადაც მოქმედებენ თეჯირს ამოფარებული მსახიობების მიერ მართული თოჯინები. მართვის ხასიათისა და თოჯინების აგებულების მიხედვით განასხვავებენ თ. თ-ის სხვადასხვა ტიპს – სათითურებიანი, მარიონეტების, ჩრდილების, უთეჯირო, რ-თა საფუძველზეც შემდეგ ჩამოყალიბდა დამოუკიდებელი თეატრები: თითების თეატრი, მარიონეტების სახელმწიფო თეატრი, ჩრდილების თეატრი. თ. თ-ს საფუძველი ჩაეყარა წარმართულ წეს-ჩვეულებებსა და თამაშობებში. მრავალ ქვეყანაში, მ.შ. საქართველოშიც თ. თ. სათავეს იღებს რელიგიურ-მისტერიულ სანახაობებში. იგი უძველესი ხელოვნებაა და მოხსენიებულია ჯერ კიდევ ჰეროდოტეს, ქსენოფონტეს, არისტოტელეს, ჰორაციუსის, მარკუს ავრელიუსის და სხვათა შრომებში. დროთა განმავლობაში თ. თ. თანდათან კარგავდა რელიგიურ შინაარსს და საერო ხასიათს იღებდა. ყოფით კომედიურ სიუჟეტებში თეატრი ამხელდა სოც. უსამართლობას, უთანასწორობას. XIX ს. II ნახევარში, საქართველოში ცნობილი იყო თ. თ. „დედოფლების კარავი". საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში გავრცელებული თოჯინების სახელებია: ჭუპრა, კუკა, კუკნა, დედოფალა, ტიკინა და სხვ. ადრინდელი ქართ. მეთოჯინეები იყვნენ ლ. და ნ. ტორაძეები და დ. ჭითავა.

საქართველოში ფუნქციონირებს: თოჯინების სახელმწიფო თეატრი (თბილისის) გ. მიქელაძის სახელობისა, ქუთაისის თოჯინების სახელმწიფო თეატრი ი. გოგებაშვილის სახელობისა, ბათუმის თოჯინების სახელმწიფო თეატრი და სხვ. მდიდარი ისტორია აქვს თოჯინების სახელმწიფო რუსულ თეატრს. თ. თ-ის სადადგმო ტრადიცია არსებობს გორში, თელავში, ბორჯომში და სხვ. 1958-იდან თ. თ-ების მოღვაწეთა საერთაშ. ასოციაცია („უნიმა") რეგულარულად აწყობს საერთაშორისო ფესტივალებს, კონკურსებს. 2011 საქართველოში განახლდა „უნიმას" წარმომადგენლობა, რ-ის საპატიო პრეზიდენტები არიან გ. სარჩიმელიძე და რ. გაბრიაძე.

ლიტ.: ცაგარეიშვილი ს., ქართული თოჯინების თეატრის ისტორიისათვის თბ., 1972.