თრდატი, (გ. დაახლ. 395), ფარნავაზიანთა სახლის რევიანთა შტოს დამაარსებელი. მირიან III-ის უფროსი ძის – რევის ძე. თ. და მისი დედა სალომე კახეთსა და კუხეთს ფლობდნენ და უჯარმაში ცხოვრობდნენ. დაახლ. 338–341 მათ სომხების დახმარებით მოინდომეს ბაკურ მეფის ტახტიდან გადაყენება, მაგრამ დამარცხდნენ. 368 რომაელთა და სომეხთა დახმარებით თ. ქართლში გამეფდა, თუმცა მალე იძულებული გახდა ტახტი დაეტოვებინა. რომსა და ირანს შორის ქართლის გაყოფის შემდეგ, 369-იდან, თ. რომაელთა გავლენის სფეროში მოქცეულ ქართლის ნაწილში მეფობდა. რადგან ირანის გავლენის ქვეშ მყოფ ქართლის მეფეს ვარაზ-ბაკურს გარდაცვალებისას მცირეწლოვანი ვაჟიშვილები დარჩნენ, თ., როგორც ვარაზ-ბაკურის სიმამრი და უკვე „კაცი მოხუცებული", ირანის გავლენის სფეროში მყოფ ქართლშიც გამეფდა. დაახლ. 395 წ. თეთრი ჰუნების დახმარებით თ. ბაქარიანთა კუთვნილი ქართლის ტახტიდან ვარაზ-ბაკურის უფროსმა ძემ – ფარსმანმა – გადააყენა.
„მეფეთა ცხოვრების" დახასიათებით, თ. იყო „კაცი მორწმუნე, ბრძენი და გონიერი", რ-მაც „სიბრძნითა თჳსითა დაამშჳდნა სპარსნი, გამოაჩინნა ჯუარნი და შეკაზმნა ეკლესიანი". მანვე „გამოიღო რუსთავი" (ე. ი. გაიყვანა არხი), ააშენა ეკლესია ნეკრესში, ხოლო მშენებლობა დაიწყო რუსთავში. თ. ამიანე მარცელინუსის მიერ ქართლის მეფედ დასახელებული საურმაგის იდენტური პიროვნებაა.
წყარო: ლეონტი მროველი, ცხოვრება ქართველთა მეფეთა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც. ტ. 1, თბ., 1955; „მოქცევაჲ ქართლისაჲ", შატბერდის კრებული, თბ., 1979.
ლიტ.: გოილაძე ვ., ფარნავაზიანთა სახლის ქრისტიან მეფეთა ქრონოლოგია, «მნათობი», 1988, N3.
ვ. გოილაძე