თრელიგორების ნასახლარი, მრავალფენიანი არქეოლოგიური ძეგლი დიღმის მასივში, საქართვ. სამხ. გზის გასწვრივ. მდებარეობს 1,5 კმ-ზე გადაჭიმულ თრელიგორებად წოდებულ ბორცვებზე, მდ. დიღმურას მარცხ. სანაპიროზე. ნასახლარზე გათხრების შედეგად (1968, ხელმძღვ. რ. აბრამიშვილი) დადასტურდა ადამიანთა ცხოვრების უწყვეტი კვალი ენეოლით-ადრინდ. ბრინჯაოს ხანიდან დაწყებული ადრინდ. ფეოდ. ხანის ჩათვლით (დაახლ. ძვ. წ. IV ათასწლ. II ნახ. – ახ. წ. IV ს.). გათხრილია რამდენიმე ურთიერთმონაცვლე კულტ. ფენა. თითოეულ ფენაში დადასტურდა ძლიერი ცეცხლის კვალი, რაც იმის მაუწყებელია, რომ დასახლებას არაერთგზის განუცდია მტრის შემოსევა. თრელის, მტკვარ-არაქსის კულტურის ენეოლით-ადრინდ. ბრინჯაოს ხანის ნასახლარზე გამოვლენილი ბათქაშის ნატეხები და ხის ძელების კვალი მიუთითებს აქ თიხით შელესილი ხის ნაგებობების არსებობაზე. ნასახლარი მრავალფენიანია. გათხრილი ფართობის ზოგიერთ უბანზე გამოვლინდა 3 სტრატიგრაფიულად ურთიერთმონაცვლე ფენა. ამ პერიოდის კერამიკა გამომწვარია მოწითალოდ აქვს სქელი კეცი, ნაძერწია ფენებად და ძირითადად ანგობირებულია.
თ. ნ-ზე გამოვლენილია გვიანდ. ბრინჯაო – ადრინდ. რკინის ხანის 7 სამშენ. ფენა, ხოლო ნასახლარის ზედა ფენები შეიცავს გვიანდ. ანტ. და ადრინდ. ფეოდ. ხანის მასალას.
გორა I-ზე და გორა II-ზე გაიწმინდა ასამდე ნაგებობა. ეს ბორცვები ტერასულად იყო დასახლებული. სწორკუთხა ფორმის, ნახევრად მიწური ერთოთახიანი შენობები რიყისა და ფლეთილი ქვით ტალახის ხსნარზეა ნაგები. გადახურვა ბანურია. სათავსებში იატაკი ძირითადად თიხატკეპნილია, ზოგან კი ნაწილობრივ ქვის ფილებითაა მოგებული. ყველა საცხოვრ. ნაგებობაში აღმოჩენილია პურის საცხობი ღუმელი, რ-საც ეკვრის სხვადასხვა ფორმის სამსხვერპლო ბაქნები. მოპოვებული მასალით დასტურდება რომ მოსახლეობა ინტენს. ეწეოდა მიწათმოქმედებას (ქვევრები, ყურძნის წიპწები, ხორბალი), მესაქონლეობას (წვრილფეხა და მსხვილფეხა საქონლის ძვლები) და ასხამდა ბრინჯაოს ნივთებს (აღმოსავლეთამიერკავკასიური ბრინჯაოს ცულის ყალიბი და სხვ.). საცხოვრ. ოთახების გარდა გათხრილია დარბაზული შენობა, რ-ის ფართ. 120 მ² აღემატება.
თ. ნ. გვიანდ. ბრინჯაოსა და ადრინდ. რკინის ხანაში ერთ-ერთი ყველაზე გრანდიოზული დასახლება იყო მთელ კავკასიაში.
ლიტ.: თბილისი I. არქეოლოგიური ძეგლები, თბ., 1978; საქართველოს ძველი ქალაქები, თბ., 2006.
მ. აბრამიშვილი
რ. აბრამიშვილი