თრელის სამაროვანი

თრელის სამაროვანი, ადრინდელი ბრინჯაო–ფეოდალური ხანის ძეგლი დიღმის მასივში. მდებარეობს საქართვ. სამხ. გზის გასწვრივ, თრელიგორების ნასახლარის სამხრ. ბორცვების აღმ. ფერდობებზე და მათ ძირში. გათხრები მიმდინარეობს 1969-იდან (ხელმძღვ. 1969–85 – რ. აბრამიშვილი 1985-იდან – მ. აბრამიშვილი). გათხრილია ორასამდე სამარხი. თ. ს. წარმოადგენს თრელიგორებსა და მის მახლობლად არსებული დასახლების ერთ-ერთ სასაფლაოს. აქაურ მოსახლეობას ეკუთვნოდა აგრეთვე საფურცლის, ჩალიპირაგორების, ვაშლიჯვრისა და დიღმის მასივის ტერიტორიაზე არსებული სხვა სამაროვნები.

თ. ს-ის ყველაზე ადრინდ. სამარხები მტკვარ-არაქსის კულტ. სხვადასხვა პერიოდს განეკუთვნება, მ. შ. უძველესია ძვ. წ. IV ათასწლ. II ნახ. ორმოსამარხები. III ათასწლ. I ნახევრიდან თ. ს-ზე ჩნდება ქვის წრეებით გარშემორტყმული ქვაყრილიანი ორმოსამარხები. ამ ტიპის სამარხები აქ გაბატონებულია გვიანდ. ბრინჯაოს ხანის ჩათვლით. ძვ. წ. III ათასწლ. I ნახ. ერთ-ერთ სამარხში დადასტურებულია მიცვალებულზე წითელი საღებავის (ჟანგმიწის) დაყრა. თ. ს-ზე მტკვარ-არაქსის კულტ. ბოლო პერიოდს განეკუთვნება ღრმა დასაკრძალავორმოიანი ყორღანული სამარხი. თ. ს-ის მტკვარ-არაქსის კულტ. სამარხების ინვენტარი მხოლოდ კერამ. ნაწარმითაა წარმოდგენილი. თიხის ჭურჭელი ხელით არის ნაძერწი. მათგან ადრინდელები მორუხო-მოწითალოდაა გამომწვარი, ხოლო ადრინდ. ბრინჯაოს ხანის ბოლო საფეხურების კერამიკა კი შავპრიალაზედაპირიანი და ვარდისფერსარჩულიანია.

შუა ბრინჯაოს ხანის ინჰუმაციურ სამარხებში მიცვალებულები დაკრძალულია თავით ჩრდ.-დას-კენ. ამავე ხანის ბოლოს (ძვ. წ. II ათასწლ. შუა ხანები) დადასტურებულია კრემაციაც. ერთ შემთხვევაში თვით სამარხიცაა დამწვარი. შუა ბრინჯაოს ხანის სამარხებში ორივე სქესის მიცვალებულები მარჯვ. გვერდზე არიან დაკრძალულნი. გვიანდ. ბრინჯაოს ხანიდან რკინის ფართო ათვისების ხანის ჩათვლით (ძვ. წ. II ათასწლ. II ნახ. – ძვ. წ. I ათასწლ. I ნახ.) მიცვალებულები დამხრობილი არიან თავით ჩრდ-კენ. ამ პერიოდიდან დაწყებული მამაკაცები დაკრძალული არიან მარჯვ. გვერდზე, ხოლო ქალები – მარცხენაზე.

თ. ს-ის შუა ბრინჯაოს ხანის სამარხების თიხის ჭურჭლის დიდი ნაწილი უკვე ჩარხზეა დამზადებული – აქვთ ლეგა-შავპრიალა ზედაპირი და ვარდისფერი ან რუხი შიდაპირი. ზედაპირი შემკულია გეომ. ორნამენტით, რ-იც დატანილია ამოღარვის საშუალებით და ტვიფრით. ამ დროიდან გვხვდება ასევე გაპრიალების მეთოდით შემკული თიხის ჭურჭელი გვიანდ. ბრინჯაოს ხანის გარდამავალი პერიოდის სამარხებში კი – მქისე თიხის ჭურჭელი, რ-თა ტანი ჩარხის საშუალებით დატანილი კონცენტრული ღარებით არის დაფარული. კერამ. გარდა გვხვდება ბრინჯაოსყუნწიანი სატევარი, ბრინჯაოს პირამიდისებურთავიანი საკინძები, სარდიონისა და პასტის მძივები, მსხვილფეხა საქონლის თავ-ფეხის ძვლები და სხვ.

თ. ს-ის ამ პერიოდის სამარხები განსხვავდება ე. წ. თრიალეთური კულტურის შუა ბრინჯაოს ხანის ძეგლებისაგან და, ინარჩუნებს რა თავის ლოკალურ თავისებურებას, მსგავსებას პოულობს ცენტრ. კავკასიის (ზემო იმერეთი, შიდა ქართლი კახეთი, მესხეთ-ჯავახეთი ჩრდ.-დას. სომხეთი) შუა ბრინჯაოს ხანის ბოლო საფეხურისა და გვიანდ. ბრინჯაოს ხანაზე გარდამავალი პერიოდის სამარხებთან. თ. ს-ის ამ პერიოდის სამარხებში დადასტურებულია დაკრძალვის წეს-ჩვეულება, რ-იც სამარხში ხარის თავ-ფეხის ჩატანებით გამოიხატებოდა; ამავე სამარხებში აღმოჩენილი კანთაროსის ფორმის თიხის სასმისები ადასტურებს, რომ თბილისი განეკუთვნებოდა სამხრ. კავკასიის იმ რეგიონს, რ-ის მოსახლეობასაც მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა მცირეაზია-ეგეოსურ სამყაროსთან.

გვიანდ. ბრინჯაოს ხანის ადრინდ. ეტაპზე, ძვ. წ. XV–XIII სს-ში, თ. ს. შედის ლჭაშენ-წითელგორის არქეოლ. კულტურის წრეში, რ-იც ძირითადად გავრცელებულია თბილისში, აღმ. კახეთსა და აზერბ. უკიდურეს დას. რ-ნებში, ხოლო სამხრ-ით – ქვემო ქართლსა და სომხეთში. აღნიშნული კულტ. ძეგლები, როგორც ჩანს, გენეტიკურად უკავშირდება შუა ბრინჯაოს ხანის ე. წ. თრიალეთურ კულტურას. ძვ. წ. XIV ს. ბოლოდან თ. ს-ზე გავრცელდა ე. წ. სამთავრული კულტურა, შეიცვალა სამარხთა ტიპი (ძირითადად გვხვდება ქვაყრილიანი ორმოსამარხები) და ინვენტარი.

ძვ. წ. XIII–XI სს-ში ქვის წრეები მხოლოდ წარჩინებულ მეომართა სამარხებს შემოუყვება. აღნიშნული დროიდან, რკინის ფართო ათვისების ხანის ჩათვლით, თ. ს-ზე ვრცელდება სამთავრული კერამიკა, რ-ისთვისაც დამახასიათებელია ზოომორფულყურიანი ჭურჭელი. ძირითადად სამთავროს სამაროვნის ანალოგიურია სხვა ინვენტარიც – იარაღი, მძივ-სამკაული და სხვ.

თ. ს-ზე რკინის ფართო ათვისების ხანაში ჩნდება დასაკრძალავდარბაზიანი სამარხები (ფართ. 70 მ^²), რ-ებიც თავიანთი კონსტრუქციით (ჯარგვალი), დაკრძალვის წეს-ჩვეულებით (მიცვალებულის კრემაცია, თვით სამარხის დაწვა, ადამიანების მსხვერპლად შეწირვა), ინვენტარით და სიმდიდრით (ასზე მეტი თიხის ჭურჭელი, რამდენიმე ბრინჯაოსა და რკინის ნივთი, ოქროს მძივები და სხვ.) მკვეთრად განსხვავდება საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ამ პერიოდის ძეგლებისაგან და მსგავსებას პოულობს აზერბაიჯანისა და ჩრდ.-დას. ირანის თანადროულ ძეგლებთან. თ. ს-ის დასაკრძალავდარბაზიანი სამარხები ძვ. წ. VIII ს. II ნახ-ით და VII ს. I ნახ-ით თარიღდება.

თ. ს-ის ჩრდ. უბანზე და თვით თრელიგორების ბორცვების აღმ. ფერდობებზე გაითხარა ანტ. ხანის სამარხები. აღმოჩნდა ელინისტური ხანის (ძვ. წ. III–I სს.) ქვევრსამარხები და რომაული პერიოდის (ახ. წ. I–III სს.) ორმოსამარხები. განსაკუთრებული სიმდიდრით გამოირჩევა ახ. წ. III ს. II ნახ. წარჩინებული მეომრის სამარხი. მიცვალებულისათვის, მდიდრული ინვენტარის გარდა, ჩაუყოლებიათ ცხენი და ძაღლი.

ფეოდ. ხანის ქვაყუთები აღმოჩნდა თრელიგორების უკიდურესი სამხრ. ბორცვის აღმ. ფერდობზე და მის თხემზეც. ეს სამარხები უმეტესწილად უინვენტაროა.

ლიტ.: თბილისი I. არქეოლოგიური ძეგლები, თბ., 1978; საქართველოს ძველი ქალაქები, თბ., 2006.

მ. აბრამიშვილი