თრიალეთური დანაოჭება

თრიალეთური დანაოჭება, ალპური ტექტონიკური ციკლის პირენეულ-ტექტონიკურ მოძრაობათა ადრეული ოროგენული ფაზისი. კავკასიაში გამოვლინდა ზედაეოცენურის წინ. გამოყო პ. გამყრელიძემ 1949. თ. დ. მკაფიოდაა გამოხატული აჭარა-თრიალეთის ზონაში, სადაც დადგინდა, რომ შუაეოცენურის ბოლოს ამ ფაზისის შედეგად მოხდა აზევება და გადარეცხვა (ე. წ. რეგრესიული ნალექების წარმოქმნა). ამავე პროცესის შედეგია "არეულშრეებრივი" კონგლომერატების წარმოქმნა თბილ. მიდამოებში, შუაეოცენური ქანების გადარეცხვა ახალციხის დეპრესიის ორივე ფერდობზე და სხვ. თ. დ. გამოვლინდა აგრეთვე საქართველოს ბელტზე და კავკასიონის ნაოჭა სისტემაში, აგრეთვე მცირე კავკასიონის სამხრ. ნაწილშიც (სევან-ჰაქერის ზონა). აჭარა-თრიალეთისა და სევან-ჰაქერის ზონებში თ. დ-ს თან სდევდა ინტრუზიული აქტივობა.

ე. გამყრელიძე