თრუსოს ხეობა

თრუსოს ხეობა, ხეობა ყაზბეგის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს თერგის ზემო დინებაში, კავკასიონის მთავარი ქედის ჩრდ. კალთასა და ხოხის ქედს შორის, თრუსოს უღელტეხილიდან სოფ. კობამდე (სიგრძე 25 კმ). ხეობის უდაბლესი ნაწილი ზ. დ. 2000 მ (სოფ. კობთან). თ. ხ. აგებულია ქვედა და შუაიურული ფიქალ-ქვიშაქვების ძლიერ დანაოჭებული შრეებით, ზედაიურული კარბონატული წყებებით. ფართოდაა გავრცელებული ზედაპლიოცენ-პლეისტოცენ-ჰოლოცენური ეფუზივები (ანდეზიტები და სხვ.), მინერ. წყლებიდან გამოლექილი ტრავერტინები, მყინვარული და მდინარეული ნაფენები. გარშემო ქედებზე თანამედროვე მყინვარებია (სუათისი, მნა, რესი და სხვ.), კარგადაა გამოხატული ძვ. გამყინვარების ტროგები, ცირკები, მორენები ვულკ. კონუსები და ლავური ღვარები. თ. ხ. მდიდარია ჰიდროკარბონატული მინერ. წყლებით. შემოსილია სუბალპ. ბალახეულით. არის ანდეზიტის კარიერები. ხეობაში მდებარეობს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფლები: აბანო, კეტრისი, ზემო და ქვემო ოქროყანა, ჯიმარა, სუათისი, მნა, ბურმასიგი და სხვ.

ბუნების მრავალფეროვნებისა და სილამაზის გამო თ. ხ-ს „გეოლოგიურ მუზეუმს" უწოდებენ. ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით: „ჩასავალთ ზეით არს თრუსო სამ ხევად, აღმოსავლით აქუს ხევი, დასავლით ზახა და მაღრან-დვალეთი, სამხრით მთიულეთი, ჩრდილოთ ქურთაული, და მოზღუდვილ არს კავკასით, თვნიერ ხევიდამ".

XIV ს. დასაწყისში ვახტანგ III-მ ქსნის ერისთავს შალვა ქვენიფნეველს დამსახურებისათვის სხვა მამულებთან ერთად თ. ხ. უწყალობა. XVI–XVIII სს-ში თ. ხ. იყო არაგვის ერისთავების მფლობელობაში, XIX ს-ში კი შედიოდა ანანურის, ხოლო შემდეგ დუშეთის მაზრების შემადგენლობაში.

თ. ხ-ის უძველესი მოსახლეობა ქართულია (წანარები). XIII–XV სს-ში თრუსოში სახლობდნენ დვალები რ-თა ნაწილი XVII–XVIII სს-ში შეერწყა მოსულ ოსურ მოსახლეობას.

წყარო: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973; ქართლის ცხოვრება, მთ. რედ. რ. მეტრეველი თბ., 2008.

ლიტ.: გვასალია ჯ., აღმოსავლეთ საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის ნარკვევები, თბ., 1983.

ლ. მარუაშვილი

ჯ. გვასალია