თუზი

თუზი, სოფელი თერჯოლის მუნიციპალიტეტში (იმერეთის რეგიონი), იმერეთის ჩრდ. მთისწინეთში, მდ-ების ძუსისა და ბუჯის წყალგამყოფ სერზე, ჭიათურა–ზესტაფონის საავტ. გზაზე, თემის ცენტრი (სოფლები: თ., ვარდიგორა, თავასა, კაკაბაური, ჯგილათი). ზ. დ. 450 მ თერჯოლიდან 19 კმ ზესტაფონიდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 23 კმ. 1,1 ათ. მცხ. (2014).

თ-ის მიდამოებში, მდ. ვარხმელის (ძუსის მარცხ. შენაკადი) ხეობაში არის თუზის კარსტული მღვიმე, გამომუშავებული ზედაცარცულ შრეებრივ კირქვებში. იწყება 12 მ სიღრმის ჭით. სიღრმეში წარმოდგენილია 7 დარბაზი. მღვიმეშია თეთრი და ქარვისფერი სტალაქტიტები, სტალაგმიტები, ჰელიქტიტები, კალციტის სვეტები.

თ-ში შემორჩენილია გვიანდ. შუა საუკუნეების ფრესკებით მოხატული ეკლესია. თ-ის მიდამოებში იდგა XI–XII სს. ეკლესია ლაპიდარული წარწერებით. ამჟამად ეკლესია დანგრეულია. წარწერები ინახება ჩხარის მუზეუმში. ვახუშტი ბატონიშვილის (XVIII ს.) რუკაზე დატანილია თ-ის ციხე-დარბაზი.

ლიტ.: ტატაშიძე ზ., წიქარიშვილი კ., ჯიშკარიანი ჯ., საქართველოს კარსტული მღვიმეების კადასტრი, თბ., 2009.

ც. ვაშაკიძე

თ. ბერაძე