თუთა, თუთის ხე, ბჟოლა (Morus), ფოთოლმცვივანი ხეებისა და, იშვიათად, ბუჩქების გვარი თუთისებრთა ოჯახისა. ორსახლიანი, იშვიათად, ერთსახლიანი მცენარეა. ერთსქესიანი ყვავილები შეკრებილია თავაკებად ან თავთავისებრ ყვავილედებად. ნაყოფი ცრუ კურკიანაა, ნაირგვარი შეფერილობის. გვარის 24-მდე სახეობა გავრცელებულია აღმ. და სამხრ.-აღმ. აზიაში, ევროპაში, ჩრდ. ამერიკის სამხრ. ნაწილში, ნაწილობრივ – აფრიკის ზოგიერთ თბილ, სუბტროპ. და ტროპ. ჰავის სარტყლებში. საქართველოში იზრდება თ-ის 2 სახეობა: თეთრი თ. (M. alba) და ხართუთა (M. nigra). თეთრი თ-ის სამშობლოდ ჩინეთს მიიჩნევენ. საქართველოში შემოტანილია და მის მოშენებას ძველთაგანვე მისდევდნენ. გავრცელებულია საქართველოს დაბლობ რეგიონებში და ნაწილობრივ ტყის შუა ზონაში ზ. დ. 1000 მ-მდე.
მდინარეთა ნაპირებზე და ჭალის ტყეებში ხშირად გვხვდება გაველურებული. ცოცხლობს 200–300 წელს. ფოთლები გამოიყენება აბრეშუმის ჭიის საკვებად. ნაყოფი შეიცავს 10%-ზე მეტ შაქარს, იყენებენ საჭმელად (როგორც ნედლს, ისე გამხმარს). მერქანი გამოიყენება სადურგლო და სახარატო საქმეში. დეკორ. გვალვაგამძლე და სინათლისმოყვარული მცენარეა. ამრავლებენ თესლით, მყნობით და გადაწვენით. ქართვ. სელექციონერებმა გამოიყვანეს და წარმატებით დანერგეს თუთის ფოთლის მაღალპროდუქტიული ჯიშები: „თბილისური", "ივერია", „ქუთათური", „ჰიბრიდი-2" და სხვა, რ-ებიც კარგად იტანენ სხვადასხვა საშიშ დაავადებას. სელექციური ჯიშის ერთი ხე იძლევა 8–15 კგ ფოთოლს, 1,5–2,5-ჯერ მეტს, ვიდრე არასელექციური; ხართუთა 12–15 მ სიმაღლის ხეა. მოშენებულია ძირითადად ქართლსა და კახეთში, სადაც იგი იშვიათად გაველურებულიც გვხვდება ჭალის ტყეებში. ნაკლებ ყინვა- და გვალვაგამძლეა. ფოთოლი აბრეშუმის ჭიის საკვებად უვარგისია. მისი სამშობლოა წინა აზია.
მ. ლორია