თულუხი (თურქ. – ტიკი), წყლის საზიდავი რუმბი. ამზადებდნენ ხარის ან კამეჩის ტყავისგან, რ-საც ქვემოდან სახელოსავით ჰქონდა მიკერებული წყლის ჩამოსასხმელი. იტევდა 4–5 ფუთ წყალს და ყულფებით იყო დამაგრებული ცხენის ან სახედრის კეხზე. წყალს თ-ში პირიდან ასხამდნენ, ჩამოსხმა კი „სახელოს" საშუალებით ხდებოდა. 1893-იდან ქალაქის თვითმმართველობამ თბილისში თ-ები ხის კასრებით შეცვალა, თუმცა სახელწოდება მაინც ძვ. შემორჩა. წყლის მზიდავს თულუხჩი ან მეთულუხჩე ერქვა.
ლიტ.: გრიშაშვილი ი., ძველი ტფილისის ლიტერატურული ბოჰემა, ტფ., 1927; ნანობაშვილი ი., ტყავის დამუშავების ხალხური წესები საქართველოში თბ., 1973.
გ. ჯალაბაძე