თულუხჩი, მ ე თ უ ლ უ ხ ე, თულუხით წყლის მზიდავი. დიდი ხნის განმავლობაში თბილისი მტკვრის წყლით მარაგდებოდა, დამტარებლები კი თ-ები იყვნენ, რ-ებიც ან თავად დაატარებდნენ მხრებზე მოკიდებულ წყლით დატვირთულ თულუხს, ან ცხენს, ვირსა და ჯორს აჰკიდებდნენ ზურგზე. უნაგირის კეხზე წყვილად გადაბმულ თულუხს გადაკიდებდნენ და ტყავის თასმით ამაგრებდნენ. წყლის აღების პროცესი რთული იყო, ამიტომ სამხ. უწყებამ ჩუღურეთში, წმ. ნიკოლოზის ეკლესიის გვერდით, დადგა წყალსაქაჩი. ეკლესიასა და წყალსაქაჩს შორის, წყლის მზიდავთათვის გაკეთებული იყო მდინარეზე ჩასასვლელი ვიწრო ბილიკი. თბილისში 1887 გაიხსნა ქალაქის წყალსადენი, მაგრამ, მიუხედავად ამისა, XX ს. დასაწყისამდე წყლით მომარაგების ასეთ სახეს არ დაუკარგავს მნიშვნელობა.
ლიტ.: ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2013.
ნ. ჯიქია