თუმანიანი ჰოვანეს თათევოსის ძე

ო. თუმანიანი

თუმანიანი ჰოვანეს თათევოსის ძე [7 (19). II. 1869, სოფ. დსეღი, ლორეს მაზრა, ახლანდ. თუმანიანის რ-ნი, – 23. III. 1923, მოსკოვი], სომეხი მწერალი და საზ. მოღვაწე. პირველდაწყებითი განათლება სოფელში მიიღო. შემდეგ ჯალალოღლის (ახლანდ. სტეფანავანი) ოთხკლასიან სასწავლებელში და თბილ. ნერსესის სემინარიაში სწავლობდა (უკანასკნელი ვერ დაამთავრა უსახსრობის გამო). სწავლას მოწყურებულმა თვითგანვითარებას მიჰყო ხელი. 1886 გამოვიდა სამწერლო ასპარეზზე. მისი ადრინდ. ნაწარმოებებია: „ძაღლი და კატა", „უიღბლო ვაჭრები" (ორივე, 1886). თ. მრავალმხრივი შემოქმედი იყო. წერდა ლექსებს, პოემებს, მოთხრობებს, ზღაპრებს, იგავებს, ბალადებს. მის ნაწარმოებებში ასახულია სომხ. სინამდვილისთვის დამახასიათებელი სოც.-ფსიქოლ. კონფლიქტები, ხალხის ზნე-ჩვეულებანი, სომეხი ხალხის წარსული და აწმყო. მისი საუკეთესო პოემებია: „ანუში" (1890, გამოქვეყნდა 1892), „მარო" (1887, გამოქვეყნდა 1892), „თმოგვის ციხის აღება" (1902, გამოქვეყნდა 1905); სომხ. საგმირო თქმულებების საფუძველზე შექმნა პოემა „დავით სასუნცი" (1902). ფართოდაა ცნობილი თ-ის მიერ სომხ. და აღმ. ლეგენდების სიუჟეტებზე შექმნილი მრავალი ბალადა და ზღაპარი („ერთი წვეთი თაფლი", გამოქვეყნდა 1909; „ნაზარა", 1908, გამოქვეყნდა 1912 და სხვ.). თ-ის მოთხრობები („გიქორი", 1898; გამოქვეყნდა 1907 და სხვ.) სომხ. პროზის საუკეთესო ნიმუშებია.

თ. ქართვ. და სომეხი ხალხების ძმობა-მეგობრობის თავდადებული და მგზნებარე დამცველი იყო. ამ თემაზე შექმნა მრავალი ლექსი: „შერიგება" (1893), „საქართველოს შესახებ" (1916), „საქართველოს სული" (1919), „საქართველოს პოეტებს" (1919) და სხვ. მისი არაერთი ნაწარმოები თარგმნა ქართულად ი. გრიშაშვილმა (ოვ. თუმანიანი, რჩეული ნაწერები, თბ., 1924).

თხზ.: რჩეული ნაწერები, თბ., 1956; ლექსები და პოემები, თბ., 1969.

ლიტ.: არველაძე ბ., ოვანეს თუმანიანი და საქართველო, თბ., 1969; ლაიშვილი ნ., ოვანეს თუმანიანი ქართულად (ანოტირებული ბიბლიოგრაფიული საძიებელი), თბ., 1973; Ганаланян О. Т., Очерки армянской поэзии XIX–XX веков 2 изд., Ер., 1964.

ბ. არველაძე