თუმანიშვილები, საქართველოს მეფეთა კარის მდივან-მწიგნობრების გვარი: ზ ა ქ ა რ ი ა – XV ს-ში გიორგი VIII-ისა და კონსტანტინე მეფის კარის მდივან-მწიგნობარი; ნ ა ს რ ი – XVII ს. დასაწყისში ლუარსაბ II-ის კარის მწიგნობარი; ბ ი რ თ ვ ე ლ ი – XVII ს. II ნახევარში როსტომ მეფის მდივანმწიგნობარი. გიორგი XI-ის კარზე მოღვაწეობდნენ ძმები ზურაბი და სულხანი. მათი შვილები და შვილიშვილები იყვნენ: გივი ზურაბის ძე, დავით გივის ძე, შიოშ სულხანის ძე, სულხან შიოშის ძე და სხვ. ამათგან ყველაზე ცნობილია გ. ზ. თუმანიშვილი. გივის ბიძაშვილი შიოშიც ერეკლე I-ის კარის მდივან-მწიგნობარი იყო (XVII–XVIII სს. მიჯნა). მისი თანამედროვენი იყვნენ ერეკლე I-ის დედის ელენეს კარის მწიგნობარი ე ს ტ ა ტ ე, ლევან ბატონიშვილის კარის მწიგნობარი ზაქარია, მდივანი ო თ ა რ ი. XVIII ს-ში მოღვაწეობდნენ გიორგი ბირთველის ძე; მრავალ საბუთთა გადამწერი გ ო რ ჯ ა ს პ ი მდივანი, თეიმურაზ II-ის მწიგნობარი, რ-იც 30–50იან წლებში ჩანს; მისი შვილები სულხანი და მანუჩარი (60 წ-დან – XIX ს. დასაწყისამდე). მანუჩარის ხელით მრავალი საბუთია ნაწერი, იგი ყოფილა მდივანი ლაშქარნივისი, ე. ი. მდივანი, რ-იც ლაშქრის აღწერასა და სალაშქრო საქმეებთან დაკავშირებულ მიწერმოწერას წარმართავდა ერეკლე II-ის კარზე. 1781, მეფის დავალებით, მან მგალობელ დიმიტრი გარსევანიშვილთან ერთად აღწერა ქსნის საერისთავო. ერეკლე II-ის კარზე მდივნად იყვნენ იოსები და ეგნატე ბაინდურის ძე (1746–1820). ეგნატე დახელოვნებული კალიგრაფი ჩანს. ასევე საინტერესო კალიგრაფები არიან მისი შვილები იესე, დავითი და პოეტი გიორგი თუმანიშვილი. თ-ის გვარის კიდევ მრავალი წარმომადგენელი იღვწოდა ქართ. კულტურის ამ სარბიელზე.
ლიტ.: ბ ე რ ი ძ ე ვ., ძველი ქართველი ოსტატები, თბ., 1967.
ვ. ბერიძე