თუმანიშვილ-წერეთელი ანასტასია მიხეილის ასული

თუმანიშვილ-წერეთელი ანასტასია მიხეილის ასული [25. VIII(6. IX). 1849, თბილისი, – 7. II. 1932, იქვე], საბავშვო მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე. თბილისში დაამთავრა თავდაპირველად ფავრის პანსიონი, შემდეგ – ამიერკავკ. კეთილშობილ ქალთა ინ-ტი (1865). იყო „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" აქტ. წევრი. „მასწავლებელ და აღმზრდელ ქალთა საურთიერთო დახმარების საზოგადოებისა" და ქალთა საზ-ბა „განათლების" დამაარსებელი. განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვის საყმაწვილო ჟურნალისტიკის განვითარებაში. 1883 თანამშრომლობდა ჟურნ. „ნობათთან". 1890 დააარსა ჟურნ. „ჯეჯილი", რ-მაც დიდი როლი ითამაშა ქართ. საბავშვო ლიტ-რის განვითარებაში. იყო ჟურნ. „კვალის" თანარედაქტორი.

თ.-წ-ის პირველი თარგმანი (ა. დოდეს მოთხრ. „მარშლის გულმტკივნეულება") დაიბეჭდა 1876; პირველი ორიგინ. მოთხრ. „მამის მსხვერპლი" – 1880. მასვე ეკუთვნის ორიგინალური ნათარგმნი და გადმოკეთებული საბავშვო მოთხრობები (კრებულები: „მოლაღური", 1887; „ხუთი ამბავი", 1888; „კონა", 1923; „ცხოვრების გამჭრიახობა", 1924; „ყვავილი", 1926 და სხვ.).

თხზ.: [წიგნში] ქართული საბავშვო ლიტერატურის მოამაგენი, შედგ. ა. ღვინიაშვილის მიერ, თბ., 1959.

ლიტ.: ხელთუბნელი მ., საბავშვო ლიტერატურის მოამაგის ანასტასია თუმანიშვილი-წერეთლის ცხოვრება და მოღვაწეობა, თბ., 1941.

ნ. ალანია