თუმანოვი (თუმანიშვილი) კირილ ლევანის ძე

თუმანოვი (თუმანიშვილი) კირილ ლევანის ძე (13. X. 1913, სანქტ-პეტერბურგი – 1997, რომი), ამერიკელი მეცნიერი, ისტორიკოსი. 1917 ოქტ. რევ. შემდეგ მამასთან ერთად აშშ-ში გადავიდა საცხოვრებლად. თ-მა დაამთავრა ლენოქსის ცნობილი სკოლა (მასაჩუსეტსი, აშშ), ჰარვარდის უნ-ტი (აშშ). მასწავლებლების ჯ. კოდინგტონის და რ. ბლეიკის დახმარებით გაემგზავრა ევროპაში, სადაც დაეუფლა სომხურ ენას ნ. ადონცის ხოლო ქართულს – მ. წერეთლის აქტ. მეცადინეობით.

1943 დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ჯორჯტაუნის უნ-ტში (აშშ), იქვე კითხულობდა ლექციებს 1970-მდე, შემდეგ ემერიტუს პროფესორის სტატუსით ჩამოშორდა აქტ. აკად. მოღვაწეობას. საცხოვრებლად გადავიდა იტალიაში, ქ. რომში.

თ. იკვლევდა კავკასიის ისტ. საკითხებს. სწავლობდა საქართველოს და სომხეთის ანტ. და შუა საუკუნეების ისტორიას. მისი ძირითადი ნაშრომია "ნარკვევები ქრისტიანული კავკასიის ისტორიიდან" (1963), რ-შიც დიდ ადგილს უთმობდა იმ სოც. გარემოს აღწერას, სადაც ქართ. მოსახლეობას ანტ. და შუა საუკუნეებში უხდებოდა ცხოვრება, ასევე – ისტ. გეოგრაფიას. მისი სტატია „სომხეთი და საქართველო" შესულია „კემბრიჯის შუა საუკუნეების ისტორიის" მეოთხე ტომში (1966–67). სტატიები მიუძღვნა შუა საუკუნეების ქართ. საისტ. მწერლობას, ასევე ქართ. ხელნაწერებისა და ბაგრატიონების ისტორიას.

სამეცნ. მოღვაწეობის ბოლოს მთელი ყურადღება გენეალოგიის პრობლემატიკას დაუთმო, კერძოდ, ქართ. სომხ. და ალბ. არისტოკრატიული გვარების ისტ. კვლევას. ქართ. გენეალოგიის შესწავლას მიუძღვნა ნაშრომები: "კავკასიის ქრისტიანული ისტორიის გენეალოგიის და ქრონოლოგიის სახელმძღვანელო (სომხეთი, საქართველო, ალბანეთი)" (1976), "რუსეთის იმპერიის ქართული წარჩინებული გვარები" (1984), "ქრისტიანული კავკასიის დინასტიები ანტიკურობიდან XIX საუკუნემდე" (1990). ყველა ეს ნაშრომი ფრანგ. ენაზეა დაწერილი. ამათ გარდა ასევე გენეალოგიის კვლევას მიუძღვნა არაერთი სამეცნ. სტატია, რ-ებიც ძირითადად კავკასიის ქვეყნების გენეალოგიასა და ბიზანტიის ისტ. საკითხებს ეხება. გენეალოგიის კვლევაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის მიენიჭა მალტის ორდენის რაინდის წოდება.თ. დაკრძალულია მალტის ორდენის კამპო ვერანოს ეკლესიის სასაფლაოზე.

ლიტ.: Любимов С. В., Титулованные роды Российской империи, М., 2004; Hewsen R., H., In Memoriam: Cyril Toumanoff, «Journal of the Society for Armenian Studies», 1995 vol. 8.

ლ. თავაძე