თურანულა

თურანულა (Populus euphratica), ხე ტირიფისებრთა ოჯახისა. სიმაღლე 10–12 მ. აქვს მუქი რუხი ქერქი. ნორჩი ყლორტები მოთეთრო-მონაცრისფროა, შიშველი ან ოდნავ შებუსული. ხნიერ ტოტებზე ფოთლები კვერცხისებრ-რომბული ან ფართო დელტისებრი, დაკბილული და გრძელყუნწიანია, ნორჩ ყლორტებზე – ხაზური ან ხაზურ-ლანცეტა, კიდემთლიანი და მოკლეყუნწიანი; იშვიათი სახეობაა.

საქართველოში გვხვდება მხოლოდ ქიზიყში (პანტიშარა, დათვისხევი), მთის ქვედა სარტყელში, მდინარის გაყოლებაზე, ზ.დ. 700–800 მ-მდე. სითბოს და სინათლის მოყვარული ხეა. ხარობს ტენიან და მსუბუქ ნიადაგზე, თუმცა კარგად იტანს ჰაერის სიმშრალეს. დეკორატიულია. აქვს ფართოშრიანი, მოწითალო მსუბუქი მერქანი, იყენებენ წვრილმანი ნაკეთობისთვის. ქერქი შეიცავს ფისს, რ-საც ხმარობენ ხალხ. მედიცინაში. მრავლდება თესლითა და ფესვის ამონაყარით. შეტანილია "საქართველოს წითელ ნუსხაში". საქართველოს გარეთ იზრდება ასევე აზერბაიჯანში, სომხეთში, შუა აზიაში, მცირე აზიასა და ირანში.