თურმანაული გიორგი სიმონის ძე

თურმანაული გიორგი სიმონის ძე (10. III. 1935, სოფ. ხომი, ახლანდ. დუშეთის მუნიციპალიტეტი, – 29. VIII. 2014, თბილისი), ექიმი-ფარმაკოლოგი. მედ. მეცნ. დოქტორი (1991), პროფესორი (1992), საქართვ. მედ. მეცნ. აკადემიის ნამდვ. წევრი (1995). 1964 დაამთავრა თსსი. 1964-იდან ფარმაკოლოგიის კათედრაზე ეკავა სხვადასხვა თანამდებობა: 1983–2003 იყო კათედრის გამგე, 2006-იდან – კათედრის პროფესორი 1984–2014 – საქართვ. ფარმაკოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი.

თ-ის სამეცნ. შრომების ძირითადი მიმართულებაა: კარდიოტროპული საშუალებების უჯრედული მოქმედების მექანიზმების შესწავლა არითმიის, სტენოკარდიის, არტერიული ჰიპერტენზიისა და გულის უკმარისობის ადრეულ სტადიებზე; გერიატრიული ფარმაკოლოგია, კარდიოვასკულარულ სისტემაზე მოქმედი პრეპარატებისა და ბიორითმების ურთიერთქმედების კანონზომიერებანი და სხვ.

თ. არის მრავალი სამეცნ. შრომის, მ. შ. სახელმძღვანელოების, სასწ. მონოგრაფიის, 6 მეთოდური რეკომენდაციის და 2 გამოგონების ავტორი. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2002).

თხზ.: კლინიკური ფიტო-ფარმაკოთერაპიის საფუძვლები, თბ., 2009; კლინიკური ფარმაკოლოგია. სახელმძღვანელო სტუდენტებისა და პრაქტიკოსი ექიმებისთვის, თბ., 2012; სამედიცინო ბაზისური ფარმაკოლოგია, თბ., 2012; სასწრაფო სამედიცინო დახმარება, თბ., 2012; სამედიცინო ფარმაკოლოგია სამკურნალო პრეპარატების კლინიკური გამოყენებით, თბ., 2013.