თურქესტანოვა (თურქესტანიშვილი) ვარია (ბარბალე) ილიას ასული (20. V. 1775 – 22. V. 1819, პეტერბურგი), რუსეთის საიმპერატორო კარის ფრეილინა, იმპერატორ ალექსანდრე I-ის ფავორიტი. ბ. თურქესტანიშვილის შვილიშვილი.
შემორჩენილია 1882–83 ჟურნ. „რუსსკი არხივში" დაბეჭდილი თ-ს მიმოწერა შვეიცარიელ დიპლომატ ფ. ქრისტიანთან, რაც 6 წელიწადი გრძელდებოდა. თ-ს წერილები ეპისტოლური ჟანრის თვალსაჩინო ნიმუშია და იმდროინდელი საზ. ცხოვრების საინტერესო სურათს გვიხატავს. 1914 იმავე ჟურნალმა (1–2) დაბეჭდა თავადის ქალის ვ. ფ. შახოვსკაია-სტრეშნევას დოკუმენტური მონოგრაფია „თავადის ასული თურქესტანოვა – უზენაესი სამეფო კარის ფრეილინა". დაკრძალულია ალექსანდრე ნეველის ლავრაში.
ნ. ღვინეფაძე