თურქოლოგია

თურქოლოგია, კომპლექსური ჰუმანიტარული მეცნიერება, რომელიც შეისწავლის თურქულენოვანი ხალხების ენას, ისტორიას, ლიტერატურას, ფოლკლორს, ეთნოგრაფიას, პალეოგრაფიას, დიპლომატიკას, ნუმიზმატიკას, ხელოვნებას და სხვ.

საქართველოში თ., როგორც დამოუკიდებელი მეცნ. დისციპლინა, ჩამოყალიბდა თსუ-ის დაარსების შემდეგ (1918), თუმცა დ. ბაქრაძის თურქოლოგიური ნაშრომები დღემდე ინარჩუნებს აქტუალურ მეცნ. ღირებულებას. საქართველოში თ-ის ფუძემდებელია ს. ჯიქია რ-მაც 1936 თსუ-ში შემოიღო თურქ. ენის სისტემ. კურსი, პარალელურად ინდივიდუალურად ეწეოდა სამეცნ.-კვლ. საქმიანობას აკად. ნ. მარის სახ. ენის, ისტორიისა და მატერ. კულტურის ინ-ტში (ენიმკი). თსუ-ში აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკ-ტის (1945) და საქართვ. მეცნ. აკადემიასთან აღმოსავლეთმცოდნეობის ინ-ტის გახსნამ (1960) არსებითი როლი შეასრულა, ზოგადად, აღმოსავლეთმცოდნეობისა და, კერძოდ, თ-ის განვითარების საქმეში. თურქოლოგიური კვლევა გაიშალა საქართვ. მეცნ. აკად. სხვადასხვა ინ-ტებსა და მუზეუმებში (ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის და ეთნოლოგიის ინ-ტი, ხელნაწერთა ეროვნ. ცენტრი, შოთა რუსთაველის სახ. ქართ. ლიტერატურის ინ-ტი, ს. ჯანაშიას სახ. საქართვ. სახელმწ. მუზეუმი, შოთა რუსთაველის სახ. ბათუმის სახელმწ. უნ-ტის სამეცნ.-კვლ. ცენტრი). თსუ-ის გარდა, 1991-იდან თურქოლოგიურ განათლებას იღებენ ახალგაზრდები ილიას სახელმწ. უნ-ტში, ა. წერეთლის სახ. სახელმწ. უნ-ტში (ქუთაისი), ბათუმის შოთა რუსთაველის სახ. სახელმწ. უნ-ტში და სამცხე-ჯავახეთის სახელმწ. უნ-ტში. საქართველოში თურქოლოგიური კვლევის მიმართულებანი განისაზღვრა შემდეგი რიგით:

1. ენობრივი კონტაქტები – თურქული ლექსიკა ქართულში და ქართული – თურქულში, აზერბაიჯანულსა და ჩრდ. კავკასიის თურქულენოვან ხალხთა მეტყველებაში (ს. ჯიქია ც. აბულაძე მ. ბელთაძე, შ. გაბესკირია, ე. გუდიაშვილი ნ. გურგენიძე, გ. თუშმალიშვილი მ. კემულარია, ქ. ლორთქიფანიძე, ლ. რუხაძე, ე. სარიშვილი ი. შერვაშიძე, ვ. ჯანგიძე, მ. ჯიქია). ესაა ისტ. და თანამედროვე ლექსიკა, სოც.-ეკონ. ტერმინოლოგია, ონომასტიკა [ს. ჯიქია „გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი", წგ. 3 (1958); ნ. გურგენიძე, „აღმოსავლური წარმოშობის ლექსიკური ელემენტები აჭარულსა და გურულში" (1973); მ. ჯიქია „თურქიზმები ქართულ ანთროპონიმიაში" (2008)]. თურქ.-ლაზური ენობრივი კონტაქტების ს. ჯიქიას მიერ დაწყებულ თემატიკის კვლევას აგრძელებს ლ. თანდილავა.

2. დიალექტოლოგია – საქართველოში მცხოვრებ თურქულენოვან ხალხთა მეტყველება (ს. ჯიქია ე. გუდიაშვილი ნ. გურგენიძე, გ. თუშმალიშვილი გ. ქამუშაძე, ნ. ჯანაშია, ვ. ჯანგიძე).

3. თურქულ ენათა ისტორია – რუნული წარწერები, ქართ. ანბანის ნიშნებით ტრანსლიტერირებული XVIII ს. თურქ. ტექსტები (ს. ჯიქია ც. აბულაძე, მ. ბელთაძე, ი. შერვაშიძე, ვ. ჯანგიძე).

XX ს. 60-იანი წლებიდან ლინგვისტიკაში კვლევის ახ. მეთოდის დამკვიდრებას მოჰყვა თურქ., აზერბ. და უზბეკური ენების სტრუქტურის, ფონეტიკისა და ფონოლოგიის, სიტყვის რანგობრივი სტრუქტურის, სინტაქსური ვალენტობისა და სემანტიკური ველების კვლევა [ნ. ჯანაშია, „თურქული ზმნის მორფოლოგია", 1981 (რუს. ენაზე); მ. ჯიქია „თურქული ენის სიტყვაფორმათა სტრუქტურა", 1984 (რუს. ენაზე); ნ. ნ. ჯანაშია, „მყოფადობის" და „მქონებლობის" გამოხატვის სემანტიკა თურქ. ენაში (2000); ა. ცალქალამანიძის თ. აფხაზავას, ე. ბჟალავას, ნ. სეხნიაშვილის და სხვათა სტატიები].

თურქეთის რესპუბლიკაში მიმდინარე ენის რეფორმების პროცესი და შედეგები შეისწავლა გ. ანთელავამ. მანვე გამოსცა „ახალი" სიტყვების მოკლე თურქულ-რუსული ლექსიკონი (1979); თურქულ-რუსული ლექსიკონი (ნეოლოგიზმები 1986). ყურადღება მახვილდება თურქ. ლექსიკოლოგიისა და ლექსიკოგრაფიის საკითხებზე. იუნუს ემრეს ნაწარმოებთა ლექსიკა გამოიკვლია შ. გაბესკირიამ, მონოგრაფია დაიბეჭდა 1983 (რუს. ენაზე). შედგენილია თურქულ-ქართული, აზერბაიჯანულ-ქართული და ქართულ-აზერბაიჯანული მოკლე ლექსიკონები (ს. ჯიქია ვ. ჯანგიძე); ლ. ჩლაიძის რედაქციით გამოიცა თურქულ-ქართული ლექსიკონი ორ ტომად (2001); ე. მამულიას მიერ შედგენილი თურქულ-ქართული ფრაზეოლოგიური ლექსიკონი (2006); ქართულ-თურქული (2010) და თურქულ-ქართული (2015) ლექსიკონები შეადგინა და გამოსცა ე. კვანტალიანმა.

თურქოლოგები (თ. ალფენიძე, ც. ახალაძე, ი. გოცირიძე, ლ. ერაძე, ნ. კლდიაშვილი, შ. კოპალიანი, ქ. ტომარაძე, გ. შაყულაშვილი მ. შონია, მ. წიკლაური, ე. ბ. ჯაველიძე და ე. ჯაველიძე) იკვლევენ და ადგენენ თურქ. აზერბ. და უზბეკეთის კლასიკოსი და თანამედროვე მწერლების მსოფლმხედველობის პრობლემატურ საკითხებს, ნაწარმოებთა მხატვრულ ღირსებასა და ჟანრულ თავისებურებებს, სუფიზმის არსს, სიმბოლიზმს, სატირასა და იუმორს, აშუღურ პოეზიას, ურბანისტულ ლიტერატურას, ლექსის სტრუქტურას, საერთოდ პოეტიკის საკითხებს [გ. შაყულაშვილი, საიათნოვას აზერბ. ლექსები (1970); ეტიუდები ძვ. თბილისის პოეზიიდან (იეთიმ გურჯი, 2009); ე. ჯაველიძე, „რუჰი ბაღდადი" (1968), „ფუზული" (1972); თურქული ლიტერატურის სათავეებთან: 1. „ჯელალ-ედ-დინ რუმი" (1979, რუს. ენაზე), 2. „იუნუს ემრე" (1985, რუს. ენაზე); თურქ. პოეტიკა (1988); "ფუთუვეთი – სულიერ-რინდული ძმობა" (2010); ე. ბ. ჯაველიძე, თურქული სიმბოლიზმის გაგებისათვის, აჰმედ ჰაშიმი (2006)].

თურქოლოგები (ი. გოცირიძე, ე. გუდიაშვილი გ. შაყულაშვილი ლ. ჩლაიძე) თარგმნიან და იკვლევენ თურქულენოვან ხალხთა ზეპირსიტყვიერების ნიმუშებს, მითოლ. და ფოლკლორულ ძეგლებს. ლ. ჩლაიძემ 1974 გამოაქვეყნა ოღუზნამეს ქართ. თარგმანი, შესავლითა და კომენტარებით, ქოროღლის ეპოსის ქართ. ვერსია (თბ., 1978 და ერზურუმი, 1994), კავკასიის არა მხოლოდ თურქულენოვანი ხალხის ფოლკლორი „კავკასიური ფოლკლორი" (2006), „კავკასიის ხალხთა ფოლკლორი" კრებული (2008). გ. შაყულაშვილმა და ე. ჯაველიძემ თარგმნეს „დედე ქორქუთის წიგნი" და გამოსცეს კომენტარებით (1987). თურქოლოგები (თ. ალფენიძე, ც. ახალაძე, გ. ბათიაშვილი ი. გოცირიძე, ე. გუდიაშვილი ლ. ერაძე, ვ. კეკელიძე, ქ. ტომარაძე, გ. შაყულაშვილი ლ. ჩლაიძე, ნ. ნ. და ნ. ჯანაშიები, ა. ჯანელიძე) პარალელურად წარმატებით ეწევიან მთარგმნელობით საქმიანობას. მათ თარგმნეს და გამოაქვეყნეს თურქი და აზერბაიჯანელი მწერლების მრავალი პოეტური თუ პროზაული თხზულება.

ს. ჯიქიამ თ. აფხაზავამ, ე. ბჟალავამ, ნ. გოგიაშვილმა, ი. გოცირიძემ, ნ. გურგენიძემ, ე. კვანტალიანმა, ე. სარიშვილმა და ვ. ჯანგიძემ უმაღლესი და საშუალო სასწავლებლებისათვის შეადგინეს სახელმძღვანელოები და ქრესტომათიები.

აღწერილია საქართვ. სიძველეთსაცავებში შენახული თურქულენოვანი ხელნაწერები და საბუთები, შედგენილია კატალოგები (ს. ჯიქია ც. აბულაძე, მ. ილურიძე), მასალა შესულია სამეცნ. მიმოქცევაში (ს. ჯიქია ც. აბულაძე).

თურქეთისა და თურქეთ-საქართველოს ურთიერთობათა ისტ. საკითხები სამი მიმართულებით მუშავდება: 1. საქართველოს ისტორიის ოსმ. წერილობითი წყაროები (ოსმ. საისტორიო წყაროების ტექსტი, თარგმანითა და კომენტარებით), 2. თურქეთ-საქართველოს ისტ. ურთიერთობა და 3. თურქეთის ისტორია.

1. „გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრის" გამოცემით [წგ. 1, თურქ. ტექსტი (1947), წგ. 2, ქართ. თარგმ. (1941) და წგ. 3, გამოკვლევა (1958)] ს. ჯიქიამ სათავე დაუდო „დევთეროლოგიას", თ-ის ახალ მიმართულებას საერთაშ. მასშტაბით. ს. ჯიქიას აქტ. თანამშრომლობით, გამოიცა არაერთი ოსმ. ნარატიული და დოკუმენტური წყარო. ნ. შენგელია რეგულარულად აქვეყნებს სოფიისა და სტამბოლის არქივებში მოძიებულ ოსმ. სიგელებს, „იჯმალ" და „თაჰრირ" დავთრებს („ნოდარ შენგელია 75" 2008), „ჩილდირის ეიალეთის ჯაბა დავთარი", გამოსცეს ც. აბულაძემ, მ. სვანიძემ (1979), 2011 გამოვიდა აჭარის ლივის ვრცელი და მოკლე დავთრები (ზ. შაშიკაძე).

გამოცემულია XVI ს. I მეოთხედის სამცხე-საათაბაგოს ისტორიის ოსმ. დოკუმენტები (ც. აბულაძე, 1983), გურჯი-ზადეს 1723 წ. „თბილისის დაპყრობის წიგნი" (ც. აბულაძე, 1975), ოზდემიროღლუ ოსმან ფაშას კავკასიაში ლაშქრობის ამსახველი აბუბექრ ბინ აბდულაჰის „გამარჯვებათა წიგნი" (მ. ილურიძე, 2006). საარქივო მასალების პუბლიკაციის პარალელურად ყურადღება მახვილდება დაბეჭდილი ოსმ. ტექსტების თარგმანსა და კომენტირებაზე. ევლია ჩელების, იბრაჰიმ ფეჩევის, მუსტაფა სელიანიქის, მუსტაფა ნაიმას, სოლაქ-ზადეს, მუნეჯიმბაშის, ჩელები-ზადეს, ქათიბ ჩელების, აჰმედ ვასიფის, მეჰმედ რეშიდის და სხვა ოსმალო მემატიანეთა შრომებში დაცული ცნობები საქართველოს შესახებ გამოაქვეყნეს ს. ჯიქიამ გ. ალასანიამ გ. ანჩაბაძემ, გ. ფუთურიძემ, ნ. შენგელიამ, ვ. ჩოჩიევმა ე. ჯაველიძემ.

2. თურქეთ-საქართველოს ისტ. ურთიერთობათა კვლევა თავის მხრივ, ორი მიმართულებით მიმდინარეობს: ოსმალეთის მიერ სამხრ.-დას. საქართველოს დაპყრობა, ახალციხის საფაშოს დაარსება და მისი სოც.-ეკონ. მდგომარეობა (ა. ავალიანი, გ. ანჩაბაძე, ხ. ახვლედიანი ვ. გაბაშვილი შ. ლომსაძე მ. სვანიძე, გ. ტივაძე ვ. ჩოჩიევი), ირან-ოსმალეთის ომები და საქართველო (ვ. გაბაშვილი ო. გიგინეიშვილი მ. მახარაძე, მ. სვანიძე, რ. შარუმაშვილი ვ. ჩოჩიევი).

3. საქართველოში თურქეთის ისტ. შესწავლა ფაქტობრივად XX ს. 50-იანი წლებიდან იწყება. ესაა თურქეთის პოლიტ. და სოც.-ეკონ. საკითხები, შუა საუკუნეების ხანის დაპყრობითი ომები, სამხ.-ლენური სისტემა, მიწათსარგებლობისა და მიწათმფლობელობის წესები, საგადასახადო სისტემა, სოც. მოძრაობები (მ. სვანიძე, გ. ფუთურიძე, ნ. შენგელია); თურქეთის ქალაქებისა და საქალაქო ცხოვრების ისტორია, ვაჭრობა, ხელოსნობა (ვ. გაბაშვილი დ. გუდიაშვილი); ოსმ. იმპერიის ადმ. სისტემა, პროვინციების მმართველობა (მ. სვანიძე); XVIII ს. დასასრულის თურქეთის ურთიერთობა რუსეთთან, ირანთან და საფრანგეთთან, კავკასიის საკითხი (ო. გიგინეიშვილი მ. სვანიძე); XIX–XX სს. თურქ. საზ-ბის იდეოლოგიის, საგარეო პოლიტიკის, ახალგაზრდა თურქთა კავშირებისა და ა. შ. საკითხები (ო. გიგინეიშვილი „თურქიზმი და თურქეთის საგარეო პოლიტიკა", 1963).

თურქ. უახლესი ისტ. საკითხებზე მუშაობდნენ და მუშაობენ გ. ანთელავა, ზ. ბატიაშვილი წ. ბაწაში, რ. გაჩეჩილაძე, ნ. დანგაძე, ნ. კომახიძე, ე. მაკარიძე, ე. მაჩიტიძე, მ. სვანიძე, გ. სორდია, რ. ყავრელიშვილი. „თურქეთის ბიბლიოგრაფია" (ისტორია) გამოიცა ორჯერ (1971 და 2006) – შემდგენელი ნ. ბოსტაშვილი.

ლიტ.: ა ბ უ ლ ა ძ ე  ც., რაზე მუშაობენ ქართველი თურქოლოგები, ჟურნ. «ფიროსმანი», №7, სტამბოლი, 2009 (ქართულ და თურქულ ენებზე); XVI–XVIII საუკუნეების ოსმალური დოკუმენტური წყაროები ნ. შენგელიას გამოც., თბ., 1987; ს ვ ა ნ ი ძ ე  მ., ოსმალეთის ისტორია, თბ., 1999; წ ე რ ე თ ე ლ ი  გ., ჯიქია ს., აღმოსავლეთმცოდნეობა საქართველოში «თსუ შრომები», ტ. 73. აღმოსავლეთმცოდნეობის სერია I თბ., 1959; ჯ ი ქ ი ა  ს., თურქული ენებისა და ლიტერატურის შესწავლის მდგომარეობა საქართველოში «მაცნე». ენისა და ლიტერატურის სერია, 1978, N1; Д ж а н а ш и я  Н. Н., С в а н и д з е  М. Х., Тюркология в Грузии. Проблемы современной тюркологии, Алма-Ата, 1980; С в а н и д з е  М. Х., Изучение в Грузии истории Турции за 30 лет (1945–1975), Тюркологический сборник. 1976, Л., 1978; ა ბ უ ლ ა ძ ე  ც. Gürcistan’daki Türkoloji Çalişmaları, «Türk Dili» №630, Ankara 2004.

ც. აბულაძე