თუშეთი

თუშეთი, ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარე აღმოსავლეთ საქართველოში. ეკუთვნის კახეთის მთიანეთს. მოიცავს თუშეთისა და პირიქითა ალაზნის ხეობებს (მდ. ანდის ყოისუს სათავეებს, ახმეტის მუნიციპალიტეტი). თ-ის ფართობი 896 კმ². მოსახლეობა – თუშები.

IV ს-ში თ. გაქრისტიანების გამო შევიწროებული წარმართი მთიელების თავშესაფარი გახდა. V ს-იდან აღმოსავლურ-ქართ. სახელმწ. შემადგენელი ნაწილი გახდა. VIII ს-ში თ. ღუნძეთთან და წუქეთთან ერთად ქმნიდა ერთ ადმ. ერთეულს. კახეთის ძვ. სამეფოს არსებობის დროს (VIII–XI სს.) პანკისის საერისთავოში შედიოდა, შემდგომში – კახეთის საერისთავოში. ერთიანი საქართველოს სამეფო-სამთავროებად დაშლის (XV ს.) შემდეგ, XVI–XVIII სს-ში, თ-ის სამოურავო კახეთის სამეფოს ფარგლებში მოექცა. თ-ის უმაღლესი სას. ხელისუფალი ალავერდის ეპისკოპოსი იყო. XVII ს. II ნახევარში თ. წარმოადგენდა მეფე ერეკლე I-ის საყრდენს ტახტისათვის ბრძოლაში.

XVIII ს-დან დაიწყო თ-ის ბარში ჩამოსახლება და XX ს-ის დასაწყისისათვის ისინი მთლიანად კახეთში (ალვანის ველზე) დამკვიდრნენ. დღეისათვის ისინი ძირითადად ზემო და ქვემო ალვანში სახლობენ. მათი ნაწილი დღესაც მთაბარობს მთათუშეთის ისტორიულ სოფლებში.

ლიტ.: ბ ო ჭ ო რ ი ძ ე  გ., თუშეთი, თბ., 1993; თ ო ფ ჩ ი შ ვ ი ლ ი  რ., საქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარეები, თბ., 2017; კ ა ნ დ ე ლ ა კ ი  მ., მეკოდეობის ტრადიცია თუშეთში, თბ., 1995; მ ა კ ა ლ ა თ ი ა  ს., თუშეთი, ტფ., 1933; შ ა ნ ი ძ ე  ა., თუშები. მნათობი, N2, 1970; ც ო ც ა ნ ი ძ ე  გ., გიორგობიდან გიორგობამდე: ეთნოგრაფიული ექსკურსები თუშეთის ახლო წარსულში, თბ., 1990.

დ. მუსხელიშვილი