თუხარელი გიორგი ალექსანდრეს ძე

თუხარელი გიორგი ალექსანდრეს ძე [5 (17). V. 1891, გორი, – 17. IV. 1937] სამხედრო მოღვაწე, დივიზიის კომისარი (1935). საქართვ. დემოკრ. რესპუბლიკის სახალხო გვარდიის პოლკოვნიკი (1921-მდე). 1911 დაამთავრა გიმნაზია ქ. განჯაში. 1911–13 სწავლობდა ოდესის სამხ. სასწავლებელში. I მსოფლიო ომის მონაწილე. იბრძოდა დასავლეთის ფრონტზე. 1918 აფხაზეთში ბოლშევიკების წინააღმდეგ აჯანყების ერთ-ერთი ხელმძღვანელი. 1921 ჩაირიცხა წითელ არმიაში. 1921–23 იყო ქართულ შენაერთებში ჯერ ბრიგადის, შემდეგ დივიზიის შტაბის უფროსი. 1924–27 მეთაურობდა მე-2 ქართულ და მე-5 კავკასიურ მსროლელ პოლკებს. მონაწილეობდა გურიასა და სვანეთში 1924 აჯანყების ჩახშობაში. იმავე წლის ნოემბრიდან პირველი ქართული მსროლელი დივიზიის მეთაური. 1930 მოსკოვში დაამთავრა მ. ფრუნზეს სახ. სამხ. აკადემია. იმავე წლის იანვრიდან მე-2 ქართული მსროლელი დივიზიის მეთაური. 1931 ნოემბრიდან მე-3 კავკასიური მსროლელი დივიზიის მეთაური. 1936–37 იყო ამიერკავკასიის სამხ. ოლქის ჯარების სარდლის თანაშემწე. რეპრესირებულია (1937), რეაბილიტირებულია (1957). მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები, მ. შ. საბრძოლო ორდენები.

ნ. კალაძე