თუხარისის საერისთავო

თუხარისის საერისთავო, ადმინისტრაციული ერთეული შუა საუკუნეების საქართველოში იმიერტაოში. უცნობია თ. ს-ს როგორც წარმოშობის, ასევე გაუქმების ზუსტი დრო. თუხარისის ერისთავი მოიხსენიება „მატიანე ქართლისაში": „... ვერ წაიღეს ატენი, რამეთუ ციხეთაუფალნი კაცნი მტკიცე იყვნეს ერთგულობასა ზედა ბაგრატისსა, თჳნიერ ფარსმან თმოგუელისა და ბეშქენ ჯაყელისა, თუხარისისა ერისთავისა". მემატიანის ეს ცნობა 1045–47 ამბებს ეხება და თ. ს-ს წყაროებში მოხსენიების ერთადერთი ფაქტია.

თუხარისის ერისთავად შეიძლება მივიჩნიოთ დავით აღმაშენებლის თანამედროვე ბეშქენ ჯაყელი, რ-იც 1118 სელჩუკებთან ბრძოლაში დაიღუპა.

XIV ს. დასაწყისში თუხარელნი მოხსენიებული არიან „სამცხის თავადთა ნუსხაში". ეს იმაზე მიუთითებს, რომ XIV ს. დასაწყისში თ. ს. აღარ არსებობდა, თუხარისი ფეოდ. მამული იყო და მისი მფლობელები თუხარელებად იწოდებოდნენ.

ლიტ.: ბახტაძე მ., ერისთავობის ინსტიტუტი საქართველოში თბ., 2003.

მ. ბახტაძე