თქმულება, ხალხური სიტყვიერების ერთ-ერთი უძველესი ჟანრი, უპირატესად რეალისტური მოთხრობა გარდასულ ამბავზე. ზოგჯერ შეთხზული ამბავიც უდევს საფუძვლად. გვხვდება როგორც პროზაული, ისე ლექსის სახით. პროზაული თ. გადმოცემასა და ლეგენდას უახლოვდება. ქართ. ფოლკლორში თ-ების დიდი ნაწილი საისტ. ხასიათისაა და ეძღვნება ვახტანგ გორგასალს, დავით აღმაშენებელს, თამარ მეფეს, შოთა რუსთაველს, ერეკლე II-ეს, სოლომონ I-ს, სამას არაგველს, ბახტრიონის ციხის აღებას და სხვ. გვხვდება სოციალური (მაია წყნეთელის, თამრო ვაშლოვნელის, უშგულელების), ეტიოლოგიური (ბაზალეთის ტბის წარმოშობის, ბუსა და ოფოფის გაჩენის) და სხვ. ხასიათის თ-ებიც. ეპიკური ციკლის თ-ებში ("ამირანიანი", "როსტომიანი", "ტარიელიანი", "ეთერიანი" და სხვ.) ხშირია პროზისა და ლექსის მონაცვლეობა. თ. გვხვდება თანამედროვე ფოლკლორშიც.
გამოც.: ხალხური სიბრძნე [ტ.] 3, თბ., 1964; Грузинские народные предания и легенды. Сост. Е.Б. Вирсаладзе М.,1973.
ლიტ.: სიხარულიძე ქ., ქართული ხალხური საგმირო-საისტორიო სიტყვიერება, თბ., 1949; ჩიქოვანი მ., ქართული ხალხური სიტყვიერების ისტორია, თბ., 1956.
ქ. სიხარულიძე