თხილამურები

თხილამურები, თოვლზე, ჭაობიან ადგილზე ან წყალზე გადასაადგილებელი მოწყობილობა. თ. ორი სახისაა – სასიარულო (საბიჯებელი) და სასრიალო. სასიარულო, თავის მხრივ, ორგვარია – თოვლისა და ჭაობისა.

თ. ძველთაგანვე ფართოდ იყო გავრცელებული კავკასიასა და შუა აზიის მთიანეთში, ციმბირში, ევროპასა და ჩრდ. ამერ. ცივ ზოლში. რუსეთის ჩრდილოეთისა და სკანდინავიის ქვეყნებში მოსახლეობა უხსოვარი დროიდან იყენებდა სასრიალო თ-საც, როგორც თავისი არსებობის ერთ-ერთ აუცილებელ საშუალებას.

საქართველოს მთისწინეთსა და მაღალმთიანეთში სასიარულო თ. უძველვსი დროიდან იყო გავრცელებული. ქართ. ხალხ. თ. სხვადასხვა მოყვანილობისა იყო (გირკალისებრი, მრგვალი ელიფსური, ოვალურჭვინტიანი) და დამზადების ტექნიკითაც განსხვავდებოდა. გირკალისებრი თ. გავრცელებული იყო ხევსურეთში, მრგვალი – უმთავრესად სვანეთში, სამეგრელოში, ლაზეთში, აფხაზეთსა და მთიულეთში; ელიფსური – ქართლში, აჭარაში, რაჭაში, ნაწილობრივ სვანეთში, სამეგრელოსა და იმერეთში, ხოლო ოვალურჭვინტიანი – აჭარაში, გურიასა და ლაზეთში. საქართვ. მთიანეთში ცნობილია ადგილობრივი წარმოების თ. ამ მარტივ სასრიალო თ-ს სვანეთში ლაჩირხალალი ჰქვია, თუშეთში – ქოკები მთიულეთში – კაგდები და სხვ. ძველად საქართვ. მთიანეთში სასიარულო (საბიჯებელ) თ-ს იყენებდნენ ზამთარში, ნადირობისას, და დათოვლილი ბილიკების დასატკეპნად, სამგზავროდ; ოვალურ თ-ს – ნადირობისა და ლაშქრობის დროს. ქართ. ხალხ. თ-ის დიდი კოლექცია დაცულია საქართვ. სახელმწ. მუზეუმის ეთნოგრ. განყ-ბის ფონდებში. ამ ტიპის თ-ის გამოყენება საქართველოსა და კავკასიაში ძვ. ბერძნ. საისტორიო მწერლობაშიცაა დადასტურებული.

სასრიალო თ-ს განეკუთვნება სპორტული (სარბოლო, სასლალომო, სახტომი), ტურისტული, სანადირო და სპეციალური დანიშნულების თ. იხ. აგრეთვე სტ. სათხილამურო სპორტი.

ფ. ნავერიანი