თხორჟევსკი ივანე ფელიქსის ძე

თხორჟევსკი ივანე ფელიქსის ძე [1843, სევასტოპოლი, – 3 (16). IV. 1910, თბილისი], რუსი პოეტი, მთარგმნელი. მეუღლესთან, ალექსანდრა ალექსანდრეს ასულთან [30.XII. 1855 (11.I. 1856), ოდესა, – II. 1933, ლენინგრადი] ერთად ხშირად აქვეყნებდა ლექსებს საერთო ფსევდონიმით „ივან-და-მარია". XIX ს. 70-იანი წლების დასასრულს ცოლ-ქმარი თბილისში ჩამოვიდა და აქაურ ლიტ-საზ. ცხოვრებაში ჩაება. მათი ნაწარმოებები იბეჭდებოდა იუმორისტულ ჟურნ. „ფალანგაში", რ-იც 1880–81 გამოდიოდა თბილისში რუს. ენაზე. ამ ჟურნალის აკრძალვისთანავე, 1881 დეკემბრიდან, თ-მ ადგილ. პროგრ. ძალების დახმარებით გამოსცა მხატვრულ-იუმორისტული ჟურნ. „გუსლი" (1881–82), რ-შიც იბეჭდებოდა მისი, აგრეთვე დ. ერისთავის, დ. მინაევის, ა. პლეშჩეევის, ა. პალმის და სხვათა ნაწარმოებები. თ-ს დიდ დახმარებას უწევდნენ ცნობილი ქართვ. პუბლიცისტი ნ. ნიკოლაძე და სხვა ქართვ. მოღვაწეები.

1901 თ-ს თაოსნობით გამოიცა ჟურნ. „არგონავტი". მის შემოქმედებაში გარკვეული ადგილი დაიკავა ქართ. თემატიკამ. 1897 თბილისში გამოვიდა კრებ. „ქართული პოეზიის ნიმუშები", რ-შიც წარმოდგენილია თ-ს მიერ თარგმნილი გ. ორბელიანის, ნ. ბარათაშვილის, ა. ჭავჭავაძის, ა. წერეთლის, ი. ჭავჭავაძის, რ. ერისთავის და სხვათა ნაწარმოებები. ეს იყო ქართვ. მწერლების ნაწარმოებთა ერთ-ერთი პირველი კრებული რუს. ენაზე.

ლიტ.: Макарова Г. Кто такие «Иван-да-Марья?», ჟურნ. «Вопросы и ответы», 1969, №10; Письма русских литературно-общественных деятелей к Н. Я. Николадзе, ред. и вводная ст . В. С. Шадури, Тб., 1949.

ვ. შადური