„იადიგარ დაუდი“

„იადიგარ დაუდი“, XVI ს. ენციკლოპედიური ხასიათის ქართული სამედიცინო ძეგლი (ავტორი დავით XI).

„ი. დ." მოიცავს იმდროინდელი მედიცინის თითქმის ყველა საკითხს. წიგნის ზოგად ნაწილში, მოკლე ანატ.-ფიზიოლ. მონაცემების შემდეგ, დეტალურადაა განხილული ჰიგიენისა და დიეტეტიკის საკითხები და დიაგნოსტიკური საშუალებები. ავტორი დაწვრილებით აღწერს დაავადებათა პროფილაქტიკისა და მკურნალობის წესებს, „ძილისა და სიფხიზლის", სქესობრივი ჰიგიენის საკითხებს, იხილავს საკვები პროდუქტებისა და სამკურნ. საშუალებების თვისებებს, მათ კვებითსა და სამკურნ. ღირებულებასა თუ მავნეობას.

კერძო ნაწილში გარჩეულია პათოლ. და თერაპიის ძირითადი საკითხები, თანმიმდევრულადაა განხილული იმ დროს არსებული მედიც. თითქმის ყველა სპეციალობა: პირველ რიგში ნერვული და ფსიქ. დაავადებები, შემდეგ – თვალის, ყურის, კბილის, სახსრებისა და კანის, შარდ-სასქესო და სხვ. შინაგანი ორგანოების დაავადებები, ციებ-ცხელება, მოტეხილობები, სიდამწვრე და ა. შ.

„ი.დ-ში" თითქმის ყველა სნეულება ცალ-ცალკეა დახასიათებული, აღწერილია აგრეთვე კლიმატურ-ბალნეოლ. და სხვა ბუნებრივი ფაქტორების სამკურნ. თვისებები და მათი გამოყენების წესები. გამოსცა ლ. კოტეტიშვილმა (1938; II გამოც. 1985).

მ. შენგელია