იალღუზიძე (ნამდვ. გვარი – გაბარათი) იოანე გიორგის ძე [1776, სოფ. ზალდა, ახლანდ. ქურთის მუნიციპალიტეტი, – 5(17). VIII. 1830, თბილისი], ოსი პოეტი, პედაგოგი და საზ. მოღვაწე.
დაიბადა აზნაურის ოჯახში. ერეკლე II-ის შუამდგომლობით მიაბარეს დავით-გარეჯის მონასტერში. შემდეგ სწავლა განაგრძო თბილ. სას. სემინარიაში. საზ. საქმიანობა დაიწყო გადამწერობით (2-ჯერ გადაუწერია „ვეფხისტყოსანი"). 1815–21 თბილისში, ოსეთის სას. კომისიაში მუშაობდა თარჯიმნად. ქართულიდან ოსურად თარგმნიდა სას. წიგნებს („საცისკრონი ლოცვანი", 1820; „გამოკრებილი კურთხევანი"), 1824; ი-ს ასევე უთარგმნია ოთხთავი (დაცულია ხელნაწერი). 1820-იდან თბილ. სას. სემინარიაში ოს ბავშვებს ასწავლიდა რუს. და ქართ. ენებს.
1820 ქართ. გრაფიკის (როგორც ნუსხა-ხუცურის, ისე მხედრულის) საფუძველზე შეადგინა ოსური ანბანი, ხოლო 1821 – პირველი საანბანო წიგნი ოსურ ენაზე. ი-ის პოეტური შემოქმედებიდან აღსანიშნავია პატრ. პოემა „ალღუზიანი" (1885, ქართ. ენაზე), რ-შიც მოთხრობილია მეფე ალღუზის საგმირო საქმენი.
ლიტ.: ახვლედიანი გ., ოსური ენის ისტორიისათვის, «ტფილისის უნივერსიტეტის მოამბე» 1925, ტ. 5; თედეევი ო., ქართული ოთხთავის ოსური თარგმანის ისტორიისათვის, «თსუ შრომები» 1964, ტ. 108; Гукаев Дз. А., О жизни и деятельности Ивана Ялгузидзе «Известия Юго-Осетинского научно-исследовательского института», 1955, в. 7.