იანიქ-თეფე

იანიქ-თეფე, მრავალფენიანი ნამოსახლარი გორა. მდებარეობს ურმიის ტბის აღმ. სანაპიროდან 30 კმ-ში, აღმ. აზერბაიჯანის პროვინციაში, სოფ. ტაზეჰ კანდის (ირანი) ახლოს. ნამოსახლარის ფართობი დაახლ. 81 ათ. მ², მაქს. სიმაღლე – 16,5 მ. 1958–59 ნამოსახლარი აღმოაჩინა ჩ. ბარნეიმ. არქეოლ. გათხრები ჩატარდა 1960, 1961, 1962.

ი.-თ. დასახლებული იყო ენეოლითისა და ადრინდ. ბრინჯაოს ხანაში. ამის შემდეგ იგი ხელახლა აითვისეს მხო­ლოდ ძვ. წ. I ათასწლეულში. ენეოლითური ფენა წარ­მო­დგე­ნი­ლია ოთხკუთხა ალიზის ნაგებობებით. ამ პერიოდისთვის დამახასიათებელია მოწითალო კერამიკა. ადრინდ. ბრინჯაოს ხანაში მკვიდრდება წრიული ნაგებობები და მუქი კერამიკა მისთვის დამახასიათებელი ნაკაწრი ორნამენტით. გ. დ. სამერსმა ჩ. ბარნეის დროინდელი გათხრების მონაცემების შესწავლის საფუძველზე წარმოადგინა საკუთარი შეხედულება ნამოსახლარის სტრატიფიკაციის შე­სა­ხებ, რ-ის მიხედვით ადრინდ. ბრინჯაოს ხანაში ფიქსირდება 18 ფენა. ქვედა თოთხმეტისთვის დამა­ხა­სია­თე­ბე­ლია წრიული, ხოლო ზედა ოთხისთვის – ოთხკუთხა ნაგებობები.

მტკვარ-არაქსის კულტურა ირანში პირველად ტ. ბარტონ-ბრა­უნის მიერ იქნა აღმოჩენილი 1948 ურმიის ტბის დას-ით მდებარე მრავალფენიან ნამოსახლარ გოითეფეზე წარმოებული არქეოლ. გათხრების დროს.

ჩ. ბარნეის მიერ ი.-თ-ზე წარმოებული არქეოლ. გათხრების შემდეგ, XX ს. 60–70-იან წლებში, ირანში მომუშავე სხვა მეცნიერების ყუ­რადღება მტკვარ-არაქსის ფენომენზე გამახვილდა. ი.-თ-ს ადრინდ. ბრინჯაოს ხანის ფენების სტრატიგრაფიული თანმიმდევრობის შესწავლის საფუძველზე შემუშავებული ქრონოლოგია შემდგომში ამ რეგიონის სხვა ძეგ­ლე­ბისთვისაც იქნა გამოყენებული.

ნამოსახლარი ი.-თ. ­ჰაფტავან თეფესთან, გოითეფესთან და ჰასანლუსთან ერთად წარმოადგენს იმ მნიშვნელოვან მრავალფენიან ძეგლს ჩრდ.-დას. ირანში, სადაც კავკასიური წარმომავლობის ადრინდ. ბრინჯაოს ხანის მტკვარ-არაქსის კულტურის სტრატიფიცირებული ფენები არის წარმოდგენილი.

ლიტ.:B u r n e y Ch. A., Excavations at Yanik Tepe, North-West Iran, «Iraq», vol. 23, №2, 1961; მისივე, The Excavations at Yanik Tepe, Azerbaijan, 1961: Second preliminary report, «Iraq» vol. 24, №2, 1962; მისივე, The Excavations at Yanik Tepe, Azerbaijan, 1962: Third preliminary report, «Iraq», vol. 26, №1, 1964; S u m m e r s  G. D., Yanik Tepe and the Early Trans-Caucasian Culture: Problems and Perspectives.– In: A. Sagona (ed.), A view from the Highlands. Archaeological studies in honour of Charles Burney (Herent), 2004; მისივე, Yanik Tepe, Northwestern Iran. The Early Trans-Caucasian Period. Stratigraphy and Architecture, Ancient Near Eastern Studies. Supplement Series, 41. Peeters, 2013; მისივე, The early TransCaucasian Culture in Iran: Perspective and Problems, «Paléorient», vol. 40, № 2; The Kura-Araxes culture from the Caucasus to Iran, Anatolia and the Levant. Between unity and diversity, 2014.

ლ. ჭაბა­შვილი