იარლიყი (თურქ. – ბრძანება), ოქროს ურდოს ყაენების მიერ გაცემული შეღავათიანი სიგელები მათი ხელქვეითი საერო და სასულიერო ფეოდალებისადმი. ი. არის მნიშვნ. ისტ. წყარო, რ-იც შეიცავს XIII–XV სს. ცნობებს ურდოსა და მის ქვეშევრდომობაში მყოფი ტერიტორიების პოლიტ. წყობილების, მმართველობის, კერძო და სახელმწ. სამართლის და სხვ. შესახებ.
ქართულ ისტ. წყაროებში „წყალობის წიგნის" მნიშვნელობით იხმარებოდა იერლაყი.
ჟამთააღმწერლის სიტყვებით: „იერლაყი, რომელ არს ბრძანება". ს.-ს. ორბელიანის მიხედვით, ი. არის „მეფეთაგან შეწყალების უსტარი". თეიმურაზ ბაგრატიონი ი-ს ფირმანთან აიგივებს. მონღოლთა ყაენი წყალობას ი-ით ადასტურებს. მაგ.: სარგის ჯაყელს ჰულაგუ ყაენმა დამსახურებისათვის „კარნუ ქალაქი და მიმდგომი მისი ქვეყანა უბოძა იერლაყითა". ეგვიპტეში წარმატებული ელჩობის შემდეგ (ქრისტეს საფლავის სალოცავი ქართველებს გადაეცათ) ელჩი პიპაი ქვენიფნეველი „მოვიდა წინაშე მეფისა (გიორგი V) და მოიღო იერლაყი შეწყალებისაჲ".
წყარო: ჟამთააღმწერელი, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 2, თბ., 1959; ძეგლი ერისთავთა, შ. მესხიას გამოც., «მასალები საქართველოს და კავკასიის ისტორიისათვის» (მსკი), 1954, ნაკვ. 30.