იაფეტური ენები, ქართულისა და მისი მონათესავე ენების აღმნიშვნელი ტერმინი. შემოღებულია ნ. მარის მიერ ენათმეცნიერებაში იმ დროისათვის დამკვიდრებული ტერმინების – სემიტურისა და ქამიტურის – ანალოგიით. ახ. ტერმინის შემოტანა განაპირობა იმჟამინდელ მკვლევართა „სქოლასტიკურმა" დამოკიდებულებამ ქართ. ენასთან და ქართველური ენების მსხვილი ენობრივი ოჯახებიდან იზოლირებულად წარმოდგენის ტენდენციამ. ტერმინი ნაწარმოებია ბიბლ. ნოეს უმცროსი ვაჟის – იაფეტის სახელისგან. ამით ხაზი ესმებოდა ი. ე-ის ნათესაობას სემიტური (ქამიტური) ენების ოჯახთან.
ი. ე-ის ისტორია 1908-იდან იწყება, როდესაც პეტერბურგის უნ-ტმა გამოსცა ნ. მარის კაპიტალური ნაშრომი „ძველი ქართული ენის გრამატიკის ძირითადი ტაბულები ქართულის სემიტურთან ნათესაობის წინასწარი უწყებით". ქართ. ენის სემიტურთან ნათესაობის იდეამ მოითხოვა ქართულის მონათესავე ენების შესწავლა. ამდენად, ი. ე-ის ბირთვს ქართველური ენები შეადგენდა. აქედან დაიწყო ი. ე-ის წრის გაფართოება: 1909–13 დიდი ყურადღება დაეთმო სომხ.-ოსურისა და მთის კავკ. ენების (ნახურისა და დაღესტნური ჯგუფების) შესწავლას. აფხ.-ადიღ. ენების ფართოდ შემოტანამ ი. ე-ის წრეში წინ წასწია მკვდარი ენების – ელამურის, შუმერულის, ქალდეურის, პელაზგურისა და ეტრუსკულის აქამდე უცნობი ენობრივი მოვლენების ახსნის საქმე და ი. ე-ის ოჯახი შეივსო მკვდარი სამწერლობო ენების ფართო სპექტრით.
1917-იდან ფართოვდება ი. ე-ის საზღვრები. ყურადღების ცენტრში მოექცა პირენეს ნ.-კ-ზე გავრცელებული ბასკური ენა, აგრეთვე ყარაყუმის მთიანეთში გავრცელებული ბურიშული (ბურუშასკი), ვერშიყული, 1920-იდან კი – რიგი რომანული ენები, ასევე ირლანდიური და კელტური. 1922-იდან გაღრმავდა ესპანეთის ბასკების ენის შესწავლა, ალბანურში კი გამოიკვეთა ილირიულის სუბსტრატი. ი. ე-ის თეორიამ იმჟამინდელ ევროპაში ფართო გამოხმაურება პოვა. მაგ., ფ. ა. ბრაუნი ძვ. გერმ. ენის ძირებს ი. ე-ის საშუალებით ხსნიდა და ა. შ.
1924 ნ. მარმა ყურადღება მიაქცია ვოლგისა და კამისპირეთის ენებს: ბულგარულს, ხაზარულს, ჩუვაშურს, ზირანულს, ვოგულურს, ოსტიაკურს და გააერთიანა ისინი ი. ე-ის ოჯახში. 1926–31 ი. ე-ის წრე გამდიდრდა სკვითური, გურთული, ბრეტონული და გოთური ენებით.
კვლევის შემდგომ გაღრმავებას შედეგად მოჰყვა ახ. ენათმეცნ. თეორიის შექმნა (იხ. იაფეტური თეორია) და ტერმინი „ი. ე." გლოტოგონიური პროცესის ერთიანობის განსაკუთრებული სტადიის აღსანიშნავად იქნა გამოყენებული.
ლიტ.: Марр Н. Я., Избранные работы, т. I–V, М.–Л., 1933–37; მისივე Кавказ и памятники его духовной культуры. «ИАН», СПб., 1912; მისივე, Халдская клинообразная надпись из села Леска Ванского округа, იქვე, 1915; მისივე, Кавказский культурный мир и Армения, «Журнал министерства народного просвещения», 1915; მისივე, Ossetica Japhetica, «ИАН», П., 1918; მისივე, Армянский термин ачдау, იქვე, 1920; მისივე, Предварительный отчет по командировке в пределы древней Этрурии и Баскию, იქვე, 1921; მისივე, К вопросу об яфетидизмах в албанском, «Яфетический сборник», I, П., 1922; მისივე, Абхазско-русский словарь. Пособие к лекциям и в исследовательской работе, Л., 1926; Меликсет-Беков Л. М., Академик Н. Я. Марр и яфетическая теория, 1936; Мещанинов И. И., Марр – основатель советского языкознания, М.–Л., 1949.
მ. ბაბუხადია