იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერება, მეცნიერული თეორია იბერიულ-კავკასიურ ენათა(იხ. იბერიულ-კავკასიური ენები) სტრუქტურის, ისტორიისა და გენეზისის შესახებ. იბერიულ-კავკ. ენათა მიმართ ინტერესი თვალსაჩინო ხდება XVIII ს. II ნახ-იდან. პირველი ცნობები ამ ენათა შესახებ უკავშირდება ი. გიულდენშტედტის სახელს. მის „მოგზაურობათა" II ტომში (1791) წარმოდგენილია როგორც ქართველური ენების (ქართული, მეგრული, სვანური), ისე მთის კავკ. ენების (აფხაზური, ყაბარდოული, ჩაჩნურ-ინგუშურ-თუშურის, ხუნძურის, ანდიურის, დიდოურის, დარგუულისა და ლაკურის) ლექსიკური მასალა (გაბმული ტექსტები). ლექსიკური შედარებების საფუძველზე ამ ენებში მან გამოყო საერთო წარმომავლობით დაკავშირებულ ენათა ოთხი ჯგუფი: 1. ქართული, მეგრული, სვანური; 2. ჩაჩნური, ინგუშური და თუშური (=ბაცბური); 3. ხუნძურ-დიდოური და დარგუულ-ლაკური; 4. ყაბარდოული და აფხაზური. თვით ჯგუფებს შორის ნათესაობის საკითხს ი. გიულდენშტედტი არ შეხებია.
მთის კავკ. ენების (ხუნძურისა და ყაბარდოულის) პირველი, მოკლე და საკმაოდ ზერელე გრამატ. მიმოხილვა ეკუთვნის ჰ. კლაპროთს (1814), მაგრამ ეს ნაშრომი, ლინგვისტური თვალსაზრისით, არსებითად მოკლებულია რაიმე მეცნიერულ ღირებულებას. XIX ს. I ნახევარში შეიქმნა გრამატ. ნაშრომები მთის კავკ. ენათა შესახებ: ადიღეურის (1835–40), უდიურისა (1845) და ბაცბურის (1848), მაგრამ ეს ნაშრომები თავის დროზე არ გამოქვეყნებულა. კავკ. ენათა ნამდვილი მეცნ. ანალიზი იწყება გერმ. მეცნ. გ. როზენის შრომებით. როზენი ძირითადად ეხებოდა ქართვ.ელურ ენებს (მან პირველმა შეისწავლა ჭანური), მაგრამ იქვე წარმოადგინა აფხაზურის მოკლე გრამატ. მიმოხილვაც, რ-შიც მრავალი საყურადღებო დაკვირვება აქვს გამოთქმული. მან პირველმა მიუთითა აფხ. ადიღურ და იბერიულ (ქართველურ) ენათა საერთო წარმომავლობაზე.
მთის კავკ. ენათა შესწავლის შემდეგი ეტაპები დაკავშირებულია ა. შიფნერის, პ. უსლარის რ. ერკერტის ა. დირის მოღვაწეობასთან, რ-ებმაც უდიდესი როლი ითამაშეს ამ ენათა კვლევაში. ინტერესს იბერიულ-კავკ. ენათა მიმართ გასული საუკუნიდანვე იჩენდნენ რუსი და უცხოელი ენათმეცნიერები (ჰ. შუხარდტი ა. სომერფელტი, გ. შმიდტი, გ. დეეტერსი ჟ. დიუმეზილი, კ. ბოუდა, ჰ.ფოგტი ი. მესაროში, ს. ბიხოვსკაია, ა. ბოკარევი, ე. ბოკარევი, ა. მენკო, ლ. ჟირკოვი, ნ. იაკოვლევი, გ. კლიმოვი და სხვ.). 1950-იდან აღნიშნულ ენათა კვლევაში განსაკუთრებით ინტენსიურად ჩაებნენ ადგილობრივი კადრები (რ-თა უმეტესობას განათლება თბილისის უნ-ტში აქვთ მიღებული). ეს ენები დღეს უკვე მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში (აშშ, გერმანია, ინგლისი, ნორვეგია, საფრანგეთი და ჰოლანდია...) შეისწავლება.
თსუ-ს დაარსებიდან „თავის მიზნად და მოვალეობად, ქართულისა და ქართველურის გარდა, კავკ. ენებისა და მახლობელი აღმოსავლეთის ენების შესწავლა ჰქონდა დასახული" (ივ. ჯავახიშვილი). საფუძველი ჩაეყარა მთის იბერიულ-კავკ. ენათა სისტემ. კვლევას ადგილზე: ა. შანიძე სწავლობდა წოვა-თუშურს, ს. ჯანაშია – აფხაზურსა და ადიღურს, არნ. ჩიქობავა – ხუნძურს, ვ. თოფურია – ლაკურს. არნ. ჩიქობავამ თსუ-ში კავკ. ენათა კათედრა დააარსა (1933), ხოლო ენათმეცნ. ინ-ტში მთის იბერიულ-კავკ. ენათა განყ-ბა ჩამოაყალიბა (1936) და საქართველოში, იბერიულ-კავკ. ენათა კავკასიოლოგიური სხვა ცენტრებისგან (მოსკოვი, ლენინგრადი, დაღესტანი, ყაბარდო-ბალყარეთი, ჩაჩნეთი და ინგუშეთი, აფხაზეთი, ყარაჩაეთ-ჩერქეზეთი, ადიღე, აზერბაიჯანი) განსხვავებით, მთის იბერიულ-კავკ. ენათა ყოველი ქვეჯგუფის ენების შესწავლა დაიწყო. სწორედ უპირველესად აქ ჩატარებული გეგმაზომიერი კვლევა-ძიების შედეგად ი.-კ. ე. ჩამოყალიბდა დამოუკიდებელ სამეცნ. დისციპლინად.
შესწავლილია მთის იბერიულ-კავკ. ენათა ცალკეული ენები და დიალექტები (ქართველურ ენათა შესახებ იხ. ქართველოლოგია, ქართველური ენები). ქ. ლომთათიძეს ეკუთვნის მონოგრაფიები: „აფხაზური ენის ტაპანთური დიალექტი" (1944), „აშხარული დიალექტი და მისი ადგილი სხვა აფხაზურ-აბაზურ დიალექტთა შორის" (1954); გამოქვეყნებულია ხ. ბღაჟბას „აფხაზური ენის ბზიფური დიალექტი" (1964), მ. ციკოლიას „აფხაზური ენის აბჟუური დიალექტი" (1969), ლ. ჭკადუას „დროთა და ძირითად მოდალურ წარმოებათა სისტემა აფხაზურ-აბაზურ დიალექტებში" (1970) და სხვ. გამოცემულია ბ. ჯანაშიას „აფხაზურ-ქართული ლექსიკონი" (1954), ქართვ. და აფხ. ენათმეცნიერთა წერილები აფხ. ენის შესახებ. დაიბეჭდა გ. როგავას (თანაავტორი ზ. კერაშევა) „ადიღეური ენის გრამატიკა" (1966). აფხ.-ადიღ. ენათა სტრუქტურისა და ისტორიის ცალკეულ საკითხებს ეძღვნება გ. როგავას „სახელის ფუძის აგებულება და გრამატიკული კლასების ისტორიისათვის ადიღურ (ჩერქეზულ) ენებში" (1956) და „ორგანული და ნივთიერი კუთვნილების კატეგორია ადიღეურ ენაში" (1980), ქ. ლომთათიძის „ლოკალურ პრევერბთა ძირითადი სახეობანი და მათი გაფორმება აფხაზურსა და აბაზურში" (1982), თ. გვანცელაძის „ზმნის უარყოფით ფორმათა წარმოების ძირითადი პრინციპები აფხაზურსა და აბაზურ ენებში" (1991); ს. ჯანაშიას, გ. როგავას, ქ. ლომთათიძის, ვ. შენგელიას, რ. ჯანაშიას, თ. გვანცელაძის, ნ. მაჭავარიანის, ი. შადურისა და სხვ. ნაშრომები.
ნახურ ენათა სტრუქტურას ეხება მონოგრაფიები: „ნახური ენების თანხმოვანთა სისტემა" (კ. ჭრელაშვილი, 1975), „ნახური ჯგუფის ენათა ფონეტიკის ისტორიულ-შედარებითი ანალიზი" (დ. იმნაიშვილი, 1977); გამოიცა დ. და ნ. ქადაგიძეების „წოვათუშურ-ქართულ-რუსული ლექსიკონი" (1984); ასევე თ. გონიაშვილის, რ. გაგუას, ლ. სანიკიძის, ბ. შავხელიშვილის, რ. ფარეულიძის, მ. ჩუხუას და სხვ. წერილები.
დაღესტნურ ენათაგან ცალკე ენებისა თუ დიალექტების მთლიანი მიმოხილვაა მოცემული მონოგრაფიებში: "ხუნძური ენა" (არნ. ჩიქობავა, ი. ცერცვაძე, 1962), „ანდიური ენა" (ი. ცერცვაძე, 1965), „ბოთლიხური ენა" (1963) და „ბაგვალური ენა" (ტ. გუდავა, 1971), „ახვახური ენა" (1967) და „კარატაული ენა" (1971, ზ. მაჰომედბეკოვა), „დიდოური ენა ჰინუხურ და ხვარშიულ ენებთან მიმართებაში" (დ. იმნაიშვილი, 1963), „დიდოური ენის ჰინუხური დიალექტი" (1963), „ხვარშიული ენა, II ფონეტიკა" (1998, ე. ლომთაძე), „კუბაჩური ენა" (1963), „თაბასარანული ენა" (1965), „აღულური ენა" (1970) და „დარგუული ენის მეჰებური დიალექტი" (1982, ა. მაჰომეტოვი); „უდიური ენა" (1971), „წახური და მუხადური ენები" ორ წიგნად: I. ფონეტიკა, II. მორფოლოგია (1984, ე. ჯეირანიშვილი); „უდიურის გრამატიკული ანალიზი" (ვ. ფანჩვიძე, 1974); „არჩიბული ენა და მისი ადგილი დაღესტნურ მონათესავე ენათა შორის" (ო. კახაძე, 1979). დაღესტნურ ენათა ცალკეულ საკითხებს ეძღვნება: „ზმნურ ფუძეთა შედარებითი ანალიზი ხუნძურსა და ანდიურ ენებში" (1959) „ანდიურ ენათა კონსონანტიზმი" (1964) და „დიდოურ ენათა კონსონანტიზმის ისტორიულ-შედარებითი ანალიზი" (ტ. გუდავა, 1979); „ლეზგიური ზმნის ძირითადი მორფოლოგიური კატეგორიები" (1959) „ბრუნების მორფოლოგია დაღესტნურ ენებში" (გ. თოფურია, 1994) „დარგუული ენის ფონეტიკა" (შ. გაფრინდაშვილი, 1968) „დაღესტნურ ენათა შედარებითი ფონეტიკა" (ბ. გიგინეიშვილი, 1978) „არსებით სახელთა მრავლობითის წარმოება დარგუულრინც ლაკურში" (ლ. ღვინჯილია, 1978) „თანხმოვანთა შეთავსებადობის საკითხები ხუნძურ ენაში" (ნ. ბარნოვი, 1983) „გრამატიკული კლასები ლეზგიურ ენებში" (ო. კახაძე, 1984) „სიტყვათმახვილი დიდოურ ენებში" (1984) „დიდოურ ენათა ვოკალიზმის დიაქრონიული ანალიზი" (1994) „სახელის მორფონოლოგიური კატეგორიები ბეჟიტურ ენაში" (1996) „ზმნა და ნაზმნარი სახელები ბეჟიტურ (ბეჟიტურ-ჰუნზიბურ) ენაში" (ე. ლომთაძე, 2000); „ბრუნვათა შედგენილობისა და არსებით სახელთა ბრუნების პროცესების ძირითადი საკითხები ლაკურში" (1986) „ლაკური ზმნა" (1987) „ზმნური სიტყვათწარმოება ლაკურ ენაში" (გ. ბურჭულაძე, 1993). გარდა ამისა, არნ. ჩიქობავასა და ვ. თოფურიას გზამკვლევ სტატიებში, ნ. არდოტელის, ი. გუდავას, ტ. გურგენიძის, ბ. კიკვიძის, ვ. კიკილაშვილის, ტ. სიხარულიძის, ზ. ჯაფარიძირინც სხვ. წერილებში გამოკვლეულია ზოგიერთი დაღ. ენის ფონეტიკა-მორფოლოგიის, სინტაქსისა თუ ლექსიკის კონკრ. საკითხები.
იბერიულ-კავკ. ენათაგან ქართულის სხვა ენებთან გენეზისური ურთიერთობის საკითხი სპეც. ლიტ-რაში პირველად მ. ბროსემ წამოჭრა (1834) და ქართული მიაკუთვნა ინდოევრ. ენათა ოჯახს, ფ. ბოპმა კი ქართულთან ერთად სხვა ქართველური ენებიც აქ გააერთიანა (1846–47). მ. მიულერმა (1854–55) ქართველურინც, საერთოდ, კავკ. ენები ურალურ-ალთაურ ენებს დაუკავშირა. 1864 ფ. მიულერმა და პ. უსლარმა, ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად, იბერიულ-კავკ. ენები ცალკე ოჯახად გამოყვეს. ნ. მარმა ისინი სემიტურ ენათა მონათესავედ მიიჩნია: თავდაპირველად იაფეტურ შტოდ ჩათვალა, ხოლო შემდეგ (1916) – ცალკე ოჯახად. უფრო გვიან (1920-იდან) ნ. მარი იაფეტურ ენებს უკავშირებდა წინა აზიისა და ხმელთაშუა ზღვის მკვდარ ენებს ცოცხალ ბასკურს, 1923-იდან კი მან საერთოდ უარყო ენათა გენეტ. ნათესაობა (იხ. იაფეტური ენები, იაფეტური თეორია). ნ. ტრუბეცკოი უარყოფდა ქართველურ ენათა მთის იბერიულ-კავკ. ენებთან ნათესაობას (1924). ნ. მარმა ადრევე (1926) შენიშნა, რომ ქართველურ ენათა მყარი მეცნ. კვლევა წარმოუდგენელია „მთის ყველა მკვიდრი ენის ღრმად შესწავლის გარეშე". ი.-კ.ე-ის ცენტრ. პრობლემას, იბერიულ-კავკ. ენათა შიდანათესაობას მიეძღვნა ივ. ჯავახიშვილის „ქართული და კავკასიური ენების თავდაპირველი ბუნება და ნათესაობა“(1937). ამ ენათა მორფოლ. სტრუქტურის კვლევის შედეგად ავტორი ასკვნის: ქართველური და მთის იბერიულ-კავკ. ენები ისტორიულად ახლომონათესავე ენები ყოფილან, მაგრამ საუკუნეთა განმავლობაში დასცილებიან ერთმანეთს. მართლაც, იბერიულ-კავკ. ენათა ამ მიმართულებით შემდგომმა კვლევამ გვიჩვენა, რომ „ერთობა იქ დადასტურდა, სადაც ახლა ყველაზე დიდი სხვაობა გვაქვს ... რაც უფრო შორს ვიხედებით წარსულში, მით უფრო მეტია საერთო" (არნ. ჩიქობავა). მართალია, გენეტ. ნათესაობის ერთ-ერთი უტყუარი ნიშანი – რეგულ. სახის კანონზომიერი ბგერათშესატყვისობანი – იბერიულ-კავკ. ენებში ჯერ კიდევ არ არის გამოვლენილი, მაგრამ ცალკეული ჯგუფთაშორისი ძიებანი ამ მიმართულებითაც ტარდება (ნ. ტრუბეცკოი, ტ. გუდავა, ქ. ლომთათიძე). ასეთი ძიებისას კონკრეტულად და საზოგადოდ იბერიულ-კავკ. ენათა კვლევისას, ერთი საერთო სახის სიძნელე იჩენს თავს: ყოველი მათგანი, გარდა ქართულისა, მოკლებულია საკუთარ წერილობით ძეგლებს (იხ. იბერიულ-კავკასიური ენები) – ენის ისტ. ერთ-ერთ უპირველეს წყაროს. ამდენად, ისტ.-შედარებითი კვლევა აქ შეზღუდულია და, ბუნებრივია, ვერ გვაძლევს იმ შედეგებს, რასაც, მაგ., ინდოევრ. ენათა შესწავლა (არნ. ჩიქობავა). ამას გარდა, იბერიულ-კავკ. ენათა შორის ბგერათშესატყვისობათა დადგენის დროს ამ ენათა სხვა თავისებურებების გათვალისწინებაცაა საჭირო. ასე, მაგ., აფხ.კ-ადიღ. ენათაგან, რ-თა ნათესაობას არავინ უარყოფს, აფხაზურსა და აბაზურში ერთი რიგის თანხმოვანთა შორის უდავოდ დასტურდება „კანონზომიერი ბგერათშესატყვისობა, მაგრამ იგი არარეგულარული ხასიათისაა... მოიცავს თითო ან, საუკეთესო შემთხვევაში, ორ-ორ ძირეულ ერთეულს" (ქ. ლომთათიძე). ეს კი, ძირითადად, შეპირობებულია იმით, რომ იბერიულ-კავკ. ენები ფონოლოგიური სისტემის მიხედვით საზოგადოდ მრავალთანხმოვნიანია (მაგ., ინდოევრ. ენათა ორი ათეული თანხმოვნის ნაცვლად აქ ზოგჯერ 80-მდეა) ხოლო ძირთა შედგენილობით – ერთთანხმოვნიანი (ქ. ლომთათიძე). იმავე დროს, არნ. ჩიქობავას აზრით, გასათვალისწინებელია, რომ იბერიულ-კავკ. ენათა შორის, დივერგენციის პროცესთან ერთად ძალზე ძლიერია კონვერგენციული მოვლენებიც („კავკასია – ენათა მთა") და სხვ. კვლავ ძალაშია ისტ. ენათმეცნიერების გადაუდებელი ამოცანა, რ-იც ა. მეიემ ამ 100-ზე მეტი წლის წინ დასახა, – იბერიულ-კავკ. ენათა ისტ.-შედარებითი გრამატიკის შექმნა, რასაც, არნ. ჩიქობავას აზრით, უნდა მოჰყვეს ამ ენათა საერთო ძირების ისტ. ლექსიკონის შედგენა. ამ ძირითადი ამოცანების გადაჭრის შემდეგ შესაძლებელი გახდება იბერიულ-კავკ. ენათა შორის რეგულ. სახის კანონზომიერ ბგერათშესატყვისობათა დადგენა. ამას უნდა მოჰყვეს იბერიულ-კავკ. ენათა გარენათესაობის მტკიცება. უკვე დაწყებულია იბერიულ-კავკ. ენებთან წინა აზიის ძვ. არაინდოევროპული და არასემიტური ენებისა (პროტოხეთური, ხურიტული, ურარტული) და ბასკურის ისტ.-გენეტ. ურთიერთობის საკითხთა კვლევა.
იბერიულ-კავკ. ენათა ისტორიისა თუ ცალკეული ჯგუფების შესახებ გამოქვეყნებულია განმაზოგადებელი სახის შრომები: „იბერიულ-კავკასიურ ენათა შესწავლის ისტორია" (1965) და „იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების შესავალი" (არნ. ჩიქობავა, 1979); „აფხაზურინც აბაზური ენების ისტორიულ-შედარებითი ანალიზი. I. ფონოლოგიური სისტემა და ფონეტიკური პროცესები" (ქ. ლომთათიძე, 1976) „კლასოვანი და პიროვანი უღვლილების ზოგი საკითხი იბერიულ-კავკასიურ ენებში" (ნ. ანდღულაძე, 1968). 1977 საქართვ. მეცნ. აკად. ენისა და ლიტ-რის განყ-ბასთან ჩამოყალიბდა ბასკური ენისა და კულტურის საზ-ბა. 1976 თსუ-ში ახ. ქართ. ენის კათედრაზე დაიწყეს მუშაობა ბასკური ენის პრობლემებზე: გამოქვეყნდა მონოგრაფიები: „ბასკური ენა და ბასკურ-კავკასიური ჰიპოთეზა" (არნ. ჩიქობავას წინასიტყვაობით და რედაქტორობით, 1976), შ. ძიძიგურის „ბასკურ-კავკასიური პრობლემა" (1981) და "ბასკები და ქართველები" (1978, ქართ. ენაზე, 1982 – რუს. ენაზე), ნ. მარის „ბასკურ-კავკასიური ლექსიკური პარალელები" (1987, რუს. ენაზე), ი. ზიცარის „ბასკური ენის სფეროებში" (1987, რუს. ენაზე). გ. წერეთელმა გამოაქვეყნა ნაშრომი „საქართველოს მუზეუმის ურარტული ძეგლები" (1939); 1982 გამოვიდა ვ. გვახარიას „ზმნა და სახელი ურარტულში". თ. გამყრელიძემ გამოიკვლია არაინდოევრ. ელემენტები ხეთურ-ნესიტურში (1956). მიმდინარეობს სხვა ენებთან ქართველურ ენათა უძველესი კონტაქტების კვლევა. გამოვლენილია ლექსიკური შეხვედრები წინა აზიის ძვ. ენებთან – ურარტულთან (გ. მელიქიშვილი), ხეთურთან (გ. გიორგაძე).
ასეთი მუშაობის შედეგად თბილისი იბერიულ-კავკ. ენათა კვლევა-ძიების ცენტრად იქცა, ხოლო თსუ უკვე 65 წელზე მეტია, ქართველურ ენათა სპეციალისტებთან ერთად, ზრდის მთის იბერიულ-კავკასიურ ენათა სპეციალისტებს, რ-ებიც წარმატებით მუშაობენ არა მარტო საქართველოში, არამედ ყოფ. საბჭოთა კავშირის ყველა კავკასიოლოგიურ ცენტრში. არნ. ჩიქობავას ინიციატივით 1965-იდან ყოველ ორ წელიწადში ერთხელ იბერიულ-კავკ. ენათა შესწავლის რომელსამე ცენტრში ტარდებოდა ენათმეცნიერ-კავკასიოლოგთა რეგიონალური სამეცნ. სესიები (1991-მდე ჩატარდა 13 სესია, ხოლო 1991 თბილისში გაიმართა კავკასიოლოგთა საერთაშ. სიმპოზიუმი) რ-ებიც იბერიულ-კავკ. ენათა შესწავლის სხვადასხვა საკითხს ეძღვნებოდა. საქართვ. მეცნ. აკადემიის გრიფით გამოდის საერთაშ. ორგანო «იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების წელიწდეული» იბერიულ-კავკ. ენათა ისტ.-შედარებითი კვლევა არ არის თვითმიზანი – იკვლიოს და დაადგინოს მხოლოდ ამ ენათა გენეტ. ნათესაობა. მათი შესწავლა უპირველესად კავკასიის ხალხთა, მათ შორის ქართვ. ერის, მეცნ. ისტორიის დადგენითაა ნაკარნახევი (პ. უსლარი, ი. ჯავახიშვილი). იბერიულ-კავკ. ენათა კვლევა მეტად აქტუალურია ზოგადენათმეცნ. თვალსაზრისითაც. განსაკუთრებით ფასეულია ამ ენათა მონაცემები თანამედროვე ტიპოლ. კვლევისას.
ლიტ.: ჩიქობავა არნ., იბერიულ-კავკასიურ ენათა შესწავლის ისტორია, თბ., 1965; მისივე, იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების შესავალი, თბ., 1979; «იკე», I–XXXIV, თბ., 1946–2000; «იკეწ», I–XXI, თბ., 1974–94; ქურდიანი მ., იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების საფუძვლები, თბ., 2007; ჩუხუა მ., იბერიულ-კავკასიურ ენათა შედარებითი გრამატიკა, თბ., 2008; ჯავახიშვილი ი., ქართველი ერის ისტორიის შესავალი, წგ. 2 – ქართული და კავკასიური ენების თავდაპირველი ბუნება და ნათესაობა, თბ., 1937; Бокарев Е. А., Климов Г. А., Иберийско-кавказские языки, წგ.: Языки народов СССР, т. 4. Иберийскокавказские языки, М., 1967; Климов Г. А., Введение в кавказское языкознание, М., 1986; Ломтатидзе К. В., К вопросу о закономерном и регулярном характере звуковых соответствий. – «იკე», IX, Tb., 1982; Марр Н. Я., Кавказоведение и абхазский язык, მისივე: Избранные работы, т. I. Этапы развития яфетической теории, Л., 1933; Материалы по яфетическому языкознанию, I–XII, Л., 1910–25; B o u d a K., Introducción a la lingüistica Caucasica, «Acta Salmanticensía. Filosofía y letras». Universidad de Salamanca, 1960, t. XV, № 1; D e e t e r s G., Die kaukasischen Sprachen, «Handbuch der Orientalistik», Bd. 7, Leiden – Köln, 1963; D i r r A., Einführung in das Studium der kaukasischen Sprachen, Lpz., 1928.
გ. ბურჭულაძე