იბერიულ-კავკასიური ენები

იბერიულ-კავკასიური ენები, კავკასიაში კომპაქტურად დასახლებულ ხალხთა ენების ყველაზე დიდი ჯგუფი, რ-იც მონათესავე იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახს ­ქმნის. მასში ოთხ ჯგუფს გამოყოფენ: 1. იბერიული (ანუ ქართველური) ჯგუფი – ქართული, ზანური (კოლხური), ანუ მეგრულ-ჭანური (მეგრულ-ლაზური) და სვანური; 2. აფხაზურ-ადიღური (ანუ აფხაზურ-ჩერქეზული) ჯგუფი – აფხაზური, აბაზური, ადიღეური, ყაბარდოული და უბიხური; 3. ნახუ­რი, ანუ ჩაჩნური ჯგუფი – ჩაჩნური, ინგუშური და წოვა-თუშური (ანუ ბაცბური); 4. დაღესტნური ჯგუფი – ა) ხუნძურ-ანდიურ-დიდოური ქვეჯგუფი – ხუნძური, ანდიური, ბოთლიხური, ღოდობერიული, კარატაული, ჭამალალური, ტინდიური, ბაგვალალური, ახვახური, დიდოური, ჰინუხური, ხვარშიული, კაპუჭური (ანუ ბეჟიტური), ჰუნზიბური; ბ) ლაკურ-დარგუული ქვეჯგუფი – ლაკური, დარგუული; გ) ლეზგიური ქვეჯგუფი – ლეზგიური, თაბასარანული, აღულური, წახური, მუხადური (რუთულური), უდიური, ბუდუხური, კრიწული, ხინალუღური, არჩიბული. ყველა ეს ენა (სულ 37), გარდა უბიხურისა, გავრცელებულია კავკასიის მიწა-წყალზე, ხოლო უბიხები 1864 სოჭი-ადლერის მიდამოებიდან მთლიანად გადაასახლეს თურქეთში. დღეს მათი ენა გაქრობის პირასაა.

ენათა ამ ოჯახის ­აღსანიშნავად სხვა­და­სხვა დროს სხვა­და­სხვა სახელწოდება გამოიყენებოდა – პალეოკავკასიური, იაფეტური, ალაროდიული, ქართულ-შარომატიული. ამჟამად კი ძირითადად ორი ტერმინია დამკვიდრებული – იბერიულ-კავკ. ენები და კავკ. ენები. პირველს ის უპირატესობა აქვს, რომ იგი გარკვევით შემოსაზღვრავს იმ წრეს ენებისას, რ-ებიც არ არის მხო­ლოდ კავკასიაში გავრცელებული – ინდოევროპულ (სომხური, ოსური, თალი­შური, ქურთული), თურქულ (აზერბაიჯანული, ყუმუხური, ყარაჩაული, ბალყარული, ნოღაური) და სემიტურ (ასურული) ენებს. ამდენად, ტერმინი „იბერიულ-კავკასიური ენები" საშუალებას იძლე­ვა ენათმეცნ. ცნება „კავკასიური ენები" გაიმიჯნოს გეოგრ. ცნებისაგან „კავკასიის ენები". ყველა ეს ენობრივი ჯგუფი, გარდა ქართველურისა, ერთიანდება ტერმინით – მთის იბერიულ-კავკ. ენები ან უფრო მოკლე ფორმით – მთის კავკ. ენები. მისი სინონიმია ჩრდილოკავკ. ენები, რ-საც უპირისპირდება ქართველური ენების აღმნიშვნელი – სამხრეთ კავკ. ენები.

ი.-კ. ე. წარ­მო­დგე­ნი­ლია 12 სამწერლობო და 25 უმწერლობო ენით. დამწერლობის მქონე ენები: ქართული, აფხაზური, აბაზუ­რი, ადიღეური, ყაბარდოული, ჩაჩ­ნური, ინგუშური, ხუნძური, ლა­კური, დარგუული, ლეზგიური, თაბასარანული. ამ ენათაგან უძველესი დამწერლობა აქვს მხოლოდ ქართ. ენას, ხოლო დანარჩენი ახალდამწერლობიანი ენებია, რ-თა უმრავლესობის დამწერლობა (ანბანი) XX ს. 20-იან წლებში შეიქმნა თავდაპირველად ლათ. გრაფიკის საფუძველზე, ხოლო შემდეგ (1938-იდან) ლათინური რუს. გრაფიკით შე­ი­ცვა­ლა; უფრო ადრე კი XIX ს. II ნახ-ში, რუს. გრაფიკის საფუძველზე და ცალკეული ქართ. ასოებისა და დიაკრიტიკული ნიშნების დამატებით რუსმა ენათმეცნიერმა პ. უსლარმა (1816–75) დაამუშავა აფხაზური, ჩაჩნური, ხუნძური, ლაკური, დარგუული, ლეზგიური და თაბასარანული ენების ანბანები. იყო ცალკეული მცდელობა, მთის კავკ. ენებისათვის გამოეყენებინათ არაბ. დამწერლობა, მაგრამ უშედეგოდ. დაღესტნურ ენათა ახ. ანბანების შე­ქმნის პროცესი დღესაც გრძელდება. სულ რამ­დენი­მე წელია (1990-იდან), რაც დამუშავდა ანბანები აღულური, რუთულური და წახური ენებისათვის. სინას მთაზე ახალაღმოჩენილი ალბანური ტექსტი (იხ. ალბანური დამწერლობა) საფუძველს იძლე­ვა, ძვ. ალბანური ენა დაუკავშირდეს ლეზგიური ქვეჯგუფის ენებს, კერძოდ უდიურ ენას, მაგრამ ეს დამ­წერლობა VIII ს-იდან გაქრა. კავკასიურ, კერძოდ, ლეზგიურ ენათა თანამედროვე დამწერლობები ახალშექმნილ ანბანებს ემყარება.

ი.-კ. ე-ს ბევრი რამ აქვთ საერთო როგორც ფონეტიკასა და მორფოლოგიაში, ისე სინტაქსსა და ლექსიკაში, მაგრამ მნიშვნელოვანია სხვაობაც. ამიტომაც ამ ენათა გენეტ. ნათესაობის პრობლემა დღესაც დისკუსიის საგანია (იხ. ქართველური ენები). დგას იბერიულ-კავკ. ენათა გარე ნათესაობის საკითხიც სხვა ენებთან.

ლიტ. იხ. სტატიასთან იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერება.

გ. თოფურია