იბნ ბიბი

იბნ ბიბი, XIII ს. II ნახ. სელჩუკიან სულთანთა კარის ისტორიკოსი, მან სპარს. ენაზე დაწერა საისტ. ხასიათის თხზულება: „უმაღლესი ბრძანებულებანი უდიდებულესი საქმეების შესახებ", „ქეთაბ ალ-ავამირ ალ-ალაია ფილ-ომურ ალ-ილაია" რ-საც („სელჩუკ-ნამე") („სელჩუკთა წიგნსაც") უწოდებენ. იგი დაწერილი უნდა იყოს XIII ს 80-იან წლებში.

ჩვენთვის საინტერესოა თხზულების ის ნაწილი, რ-შიც გადმოცემულია საყურადღებო ცნობები სულთან ალა ედ-დინ ქეიყუბადსა (1219–39) და საქართვ. მეფე რუსუდანს (1222–45) შორის არსებული ურთიერთობის შესახებ XIII ს. 30-იან წლებში. ი.-ბ-ის ცნობით, რ-საც რუსუდანმა გაიგო სელჩუკთა ლაშქრის საქართველოში შემოჭრის ამბავი, სელჩუკთა მხედართმთავარ ქამიართან მოციქულები გაგზავნა და მოლაპარაკება შესთავაზა. „ჩვენი სურვილია, ჩემი ასული, სელჩუკიანთა ქვეყნის გამგებლის მემკვიდრეზე–მელიქ ყიას ად-დინ ქეიხუსრევზე დაქორწინდეს" – წერდა დედოფალი. ი.-ბ. შენიშნავს, რომ ქამიარმა რუსუდან დედოფლის წინადადება და კავკასიის განთქმული მტკიცე ციხეებიდან 30-40 ციხის დაპყრობის ამბავი აცნობა სულთანს და თან დედაქალაქში მდიდარი ნადავლი გაგზავნა. სულთანმა ქამიარს შეატყობინა, რომ იგი თანახმა იყო რუსუდან დედოფლის მიერ შემოთავაზებულ წინადადებაზე – მშვიდობიანი ურთიერთობისა და დანათესავების შესახებ – და აუწყებდა, რომ აღარ გააგრძელებდა თავდასხმებს საქართველოს ტერიტორიაზე.

ი.-ბ-ის ცნობები ახლებურად აშუქებს ამ პერიოდის საქართველოსა და მცირე აზიის სელჩუკების ურთიერთობის ცალკეულ საკითხებს.

ლიტ.: შენგელია ნ., იბნ-ბიბი ალა ედ-დინ ქეიყუბადის საქართველოში ლაშქრობის შესახებ, «მაცნე», 1975, № 1; საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 3, თბ., 1979.

ნ. შენგელია