იბნ სინა

იბნ სინა, აბუ ალი იბნ სინა (ლათინიზებული – ავიცენა) (980, სოფ. აფშანა, ბუხარის მახლობლად, – 18. VI. 1037, ჰამადანი), ფილოსოფოსი, ექიმი და პოეტი. მოღვაწეობდა ბუხარაში, ხვარაზმსა და სპარსეთში. ისლამის რელიგიის ჩარჩოებში შეძლო ანტ. ფილოსოფიის და მეცნიერების კრიტიკულად ათვისება და თავისი დროის მთელი ცოდნის სისტემატიზაცია. მისი მთავარი შრომაა ფილოს. ენციკლოპედია, რ-იც მოიცავს ლოგიკას, ფიზიკას, მათემატიკასა და მეტაფიზიკას.

ი. ს-ს უმნიშვნელოვანესი სამედ. თხზულება „სამკურნალო მეცნიერების კანონი" ლათ. ენაზე XII ს-ში ითარგმნა და პირველად 1473 გამოქვეყნდა მილანში, არაბ. ენაზე შედგენილი ორიგინალი კი 1593 დაიბეჭდა რომში. არსებობს ამ ნაწარმოების 30 გამოცემა. მასში ავტორი ეხება სამკურნ. მცენარეთა მოშენებასა და ფიზიოლოგიას, მედ. ზოგად თეორიას, ანატომიას, ფიზიოლოგიას, ქირურგიას, დიაგნოსტიკას, მწვავე და ქრონ. დაავადებების განვითარებას, მკურნალობას, პროფილაქტიკას და სხვ. დაავადების განვითარებაში განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა გარემო პირობებს. მან წამოაყენა ჰიპოთეზა, რომ გადამდებ სნეულებებს რაღაც უჩინარი ორგანიზმები იწვევენ და დაავადებანი ჰაერისა და წყლის საშუალებით ვრცელდება. ცდილობდა დაედგინა კავშირი ფიზიოლ. პროცესებსა და ფსიქ. მოვლენებს შორის. უარყოფდა მოსაზრებას, თითქოს ფსიქ. დაავადებებს ავი სულები იწვევდნენ. ი. ს-მ ზუსტად აღწერა მრავალი დაავადება. იგი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ჰიგიენასა და კვების რეჟიმს. შექმნა ახ. ფარმაცია. მის ფარმაკოპეაში შეტანილია ხალხური, განსაკუთრებით ჩინ. მედიცინის მრავალი საშუალება.