იბსენი (Ibsen) ჰენრიკ იოჰან (20. III. 1828, შიენი, – 23. V. 1906, ქრისტიანია), ნორვეგიელი დრამატურგი, ეროვნული თეატრის ფუძემდებელი. ქ. გრიმსტადში დაწერა პირველი ლექსები და დრამა „კატილინა" (1850). 1850 სასწავლებლად წავიდა ქრისტიანიაში, სადაც აქტიურად ჩაება საზ., პოლიტ. და ლიტ. ცხოვრებაში. 1852–57 ხელმძღვანელობდა ქ. ბერგენის პირველ ეროვნ. თეატრს.
ი-ის შემოქმედებითი მოღვაწეობა აქტიურ ფაზაში შევიდა 1849–99 წლებში. მისი შემოქმედების მწვერვალია ფილოს.-სიმბოლური დრამა „ბრანდი" (1865) და „პერ გიუნტი" (1866, დაიდგა 1876). საყოველთაოდ ცნობილი პიესებია: „ნორმა, ანუ პოლიტიკოსის სიყვარული" (1851), „სიყვარულის კომედია" (1862), „საზოგადოების ბურჯი" (1877), „თოჯინების სახლი" (1879), „მოჩვენებანი" (1881).
ი-ის დრამატურგიამ დიდი როლი ითამაშა მსოფლიო თეატრ. ხელოვნ. განვითარებაში. მისი პიესები წარმატებით იდგმება მსოფლიოს თეატრების სცენებზე. ქართ. საზ-ბა ი-ის შემოქმედებას მის სიცოცხლეშივე გაეცნო. 1898 ლ. ალექსი-მესხიშვილმა დადგა „ნორა" („თოჯინების სახლი"), რ-იც თარგმნეს ვ. გუნიამ და ა. ცაგარელმა. ნორას როლს ასრულებდა ნ. ჩხეიძე, ჰელმერისას – ლ. ალექსი-მესხიშვილი. 1903 ჟურნ. „მოამბის" №4–8 დაიბეჭდა ი. პოლუმორდვინოვის თარგმანი „ხალხის მტერი" („ექიმი შტოკმანი"), რ-იც წარმოადგინა ქართ. დრამ. საზ-ბამ ა. წერეთლისა და კ. მესხის დადგმით. 1906 თეატრ. ამხანაგობის დასმა დადგა „მოჩვენებანი" (მთარგმნელი და რეჟ. ვ. გუნია); 1914 „საზოგადოების ბურჯი" წარმოადგინა ქართ. დრამ. საზ-ბის დასმა. იდგმებოდა სხვა პიესებიც. ქართ. პრესაში („ივერია", „კვალი", „ცნობის ფურცელი") ხშირად წერდნენ ი-ის შესახებ კ. აბაშიძე, ვ. გუნია, შ. ნათაძე და სხვ. 1928 ი-ის დაბადების 100 წლისთავთან დაკავშირებით ჟურნ. „მნათობში" №3 დაიბეჭდა ვ. ხუროძის წერილი, ამავე წელს – კ. გამსახურდიას ესეი „ჰენრიკ იბსენი". 1972 რუსთაველის სახ. სახელმწიფო თეატრში რეჟ. რ. სტურუამ დადგა „დოქტორი სტოკმანი"; 1974 კ. მარჯანიშვილის სახ. სახელმწ. თეატრში კი რეჟ. თ. ჩხეიძემ წარმოადგინა „მოჩვენებანი".
ი-ის პიესები ამჟამადაც წარმატებით იდგმება ქართ. თეატრის სცენაზე.
თხზ.: Samlede vaerker, bd. 1–21, Oslo, 1928–57; Coбр. соч., т. 1–4, М., 1956–58; დრამები (ბრანდი. – პერ გუნტი. – ნორა, ანუ თოჯინების სახლი. – მოჩვენებანი, – ხალხის მტერი. – ჰედა გაბლერი), დ. ლაშქარაძის წინასიტყვაობით, თბ., 1974.
ლიტ.: ამირეჯიბი თ., ჰ. იბსენი ქართულ სცენაზე «საბჭოთა ხელოვნება» 1956, N4; გამსახურდია კ., ჰ. იბსენი, წგ.: ახალი ევროპა, ტფ., 1924; გელოვანი ა., ჰენრიკ იბსენი, თბ., 1957; ჯინორია ო., ჰენრიკ იბსენი კვლავაც იბრძვის, «საბჭოთა ხელოვნება» 1960, №8; Адмони В. Г., Генрик Ибсен М., 1956.
მ. ტიტვინიძე