იდეალიზმი

იდეალიზმი, ფრანგ. idéalisme < ­ბერძნ. idea – იდეა; ქართ. „თაურხატი", „ნიმუში", „არსი"), ფილოსოფიურ მიმართულებათა და კონცეფციათა ერთობლიობა, რ-თა მი­ხედვითაც სინამდვილის წყა­რო არის გონება, შემეცნება, აზროვნების პროცესი. იდეალური არსი არის სინამდვილის, ცოდნისა და მორალის საფუძველი. ამდენად, ადამიანთა ცალკეული მოქმედებებიც კი გონივრული განსჯის შედეგად უნდა იქნეს განსაზღვრული და შეფასებული.

„იდეალიზმი", ­როგორც ფილოს. შეხედულებების აღმნი­შვნელი ტერმინი, გერმ. ენობრივ ველში ჩნდება XVIII ს-ში, მის მთავარ სა­პი­რის­პირო ცნებად კი გა­ნი­ხი­ლე­ბა „მატერიალიზმი". მაგ., ლა­იბნიცისთვის პლატონი იდეალის­ტია, ხოლო ეპიკურე – მატერიალისტი. ეს ხედვა განავრცეს ქ. ვოლფმა და მისმა მიმდევრებმა, რ-თა მიხედვით სული არამატერიალური ობიექტია; მაშა­სა­და­მე, სულის არსებობა არამატერიალური სახისაა. ამ ­ჭრილში, ი-ის სა­პი­რის­პი­რო ცნებად „რეალიზმი" გვევლინება. უფრო მე­ტიც, იდეალისტთა მიხედვით, სამ­ყარო დაფუძნებულია სულში, გონებაში. საგნის არსებობა ნიშნავს იმას, რომ ის იქნა გონების მიერ გაგებული და აღქმული. იდეალისტისთვის გონების მიღმა და გარეთ არ­სე­ბუ­ლი რეალობის შე­სა­ხებ ვარაუდის დაშვებაც კი მიუღებელია, რადგან მის შე­სა­ხებ ცოდნის ფლობა შეუძლებელია. ცოდნის მთავარი წყა­რო არის გონება და მისი უნა­რი.

ერთმანეთისაგან განასხვავებენ ი-ს სხვა­და­სხვა სახეებს: ჯ. ბერკლის სუბიექტური ი., ი. კანტის ტრანსცენდენტალური (კრიტიკული) ი., გერმ. აბსოლუტური (ობიექტური) ი., ანგლო-ამერიკული ი., პანფსიქიზმი, პერსონალური ი. და სხვ. ისტორიულად სამყაროს იდეალისტური ხედვა უკავშირდება პლატონის სახელს, რ-მაც თავის დიალოგებში (განსაკუთრებით კი „სა­ხელ­მწი­ფოში") განავითარა იდეების თეორია, რ-შიც იდეები საგნებისა და ქმედებების თაურხატებად, მთავარ მოდელებად აღიქვა. პლატონის მიხედვით, სა­ხელმწი­ფოს იდეალური მმართველი არის ის, ვინც იდეების სამყაროს შე­სა­ხებ ფლობს ცოდნას, რადგან სწორედ მან იცის, თუ როგორ უნდა მართოს სამართლიანად სახელ­მწი­ფო. პლატონის იდეათა თეორიის გარდასახვა მოხდა შუა საუკუნეებში უნივერსალიების შესა­ხებ გამართულ დავა-კამათში, როდესაც ობიექტური რეალობის არსებობას ხაზი გაესვა არა მარტო სულში, გონებაში, ცნობიერებაში, არამედ თვით იდეათა თვითმყოფად რეალობაშიც. სწორედ ამ ტიპის თვითმყოფად იდეებს ეწოდა უნივერსალიები.

ისტ. თვალსაზრისით ­შეიძლება ვისაუბროთ სუბიექტური და ობიექტური ი-ის შე­სა­ხებ. ფილოს. ისტორიაში სუბიექტური ი-ის მთავარ წარმომადგენლად ირლანდიელი ფილოსოფოსი და თეოლოგი ჯ. ბერკლი მიიჩნევა, ხოლო ობიექტური ი-ის თვალსაჩინო წარმომადგენელი გერმ. ფილოსოფოსი გ. ჰეგელია. ი-ის განვითარების ისტორიის მწვერვალს კი წარმოადგენს გერმანული ი., რ-იც მოიცავს ფილოს. ისტორიის უმნიშვნელოვანეს ეპოქას ი. კანტსა და გ. ჰეგელს შორის. მისი მთავარი წარმომადგენლები არი­ან: ი. ფიხტე, ფ. შელინგი და გ. ჰეგელი. თავად კანტის ფილოსოფია კი ტრანსცენდენტური ი-ის სა­ხე­ლით შეიძლება იქნას მოხსენიებული, რადგან კანტი არ უარყოფს გარე სამყაროს არსებობას. მისი აზრით, არსებობს ჩვენი ცნობიერებისაგან დამოუკიდებე­ლი „ნივთი თავისთავად", რ-ის შემეცნება ჩვენ არ შეგვიძლია. ის ჩვენი შემეცნებითი უნარების მიღმაა. ადამიანს მხო­ლოდ იმ ნივთების შემეცნება ძალუძს, რ-ებიც მის შემეცნებით „მე-ს ევლინება". მა­შა­სა­და­მე, ჩვენ შევიმეცნებთ ნივთებს, როგორც მოვლენებს.

გერმანული ი-ის ნაყოფიერი რეცეფცია მოხდა ბრიტანულ ი-ში, რ-იც XIX ს. ბოლო მესამედსა და XX ს. პირველ მესამედში ინგლისში წამყვან ფილოს. მიმდინარეობას წარმოადგენდა. ეს მიმართულება განსაკუთრებულ ყუ­რადღებას აქცევდა ჰეგელის იდეალ. ფილოსოფიას და მის გარკვეულ ტრანსფორმაციასაც ახდენდა. ბრიტანული ი-ის დამფუძნებლად ითვლება თ. ჰ. გრინი. მისი ცნობილი მოწაფე იყო ბ. ბო­ზანკეტი, რ-იც თ. ჰ. გრინთან და ფ. ჰ. ბრედლისთან ერთად ინგლი­სური ნეოჰეგელიანობის მთავარ წარმომადგენლად ითვლება.

საქართველოში ი-ს კვლევას ხანგრძლივი და საინტერესო ისტორია აქვს. თავდაპირველად ის პლატონის და პლატონიკოსების მოძღვრების რეცეფციით იწყება (იოანე პეტრიწი), შემდეგ ახა­ლი დროის რაციონალიზმის თვალსაჩინო წარმომადგენლების (მაგ., გ. ლაიბნიცი, კ. ვოლფი) შეხედულებების გაცნობითა და საკუთარ შემოქმედებაში ინტეგრირების გზით ხორციელდება (ანტონ I, ი. ხელა­შვილი), შემდეგ კი ი. კანტის ტრანსცენდენტური ი-ის ნაყოფიერი ათვისებით ვლინდება, რისი ნათელი დასტურიც ს. დოდა­შვილის „ლოგიკაა" (1827). გერმანული იდეალ. ფილოსოფიის წარმომადგენლების შეხედულებები საგანგებო მსჯე­ლო­ბის საგნად არის ქცეული შ. ნუცუბიძის ალეთოლოგიურ ნაშრომებში. გერმ. იდე­ა­ლიზ­მის მრავალმხრივი კვლე­ვა-ძიება კი XX ს. ქართულ ფილოსოფიაში კ. ბაქრაძის ­სახელს უკავშირდება. მის კალამს ეკუთვნის მნიშვ­ნე­ლო­ვა­ნი გამოკვლევები: „დიალექტიკის პრობლემა გერმანულ იდეალიზმში" (1929) და „სისტემა და მეთოდი ჰეგელის ფილოსოფიაში" (1936). პირველ ნაშრომში გერმ. ი-ის მთავარ პრინციპად სუბიექტის პრინციპია მიჩნეული, ხოლო დიალ. მეთოდი კი სუბიექტსა და ობიექტს შორის არ­სე­ბუ­ლი დუალიზმის მოხსნის მთავარ საშუალებად არის მიჩნეული, რ-ის საბოლოო შედეგიც მონისტური სისტემის აგებაა. მეორე გამოკვლე­ვა პირველი გამოკვლევის თემატურ განვრცობას წარმოადგენს და ჰეგელის დიალექტ. ნააზრევის თავისებურებებს ეხება. მასში ხაზგასმულია სისტემისა და მეთოდის ორგ. ერთიანობა ჰეგელის აზროვნებაში, რასაც გა­დამწყვე­ტი როლი ენიჭება ჰეგელის იდეალ. ფილოს. შე­ქმნის პროცესში. სუბიექ­ტური და ობიექტური იდე­ა­ლიზ­მის აქტუალურ პრობლემებს ფილოსოფიის ისტორიის ჭრილში კ. ბაქრაძე განიხილავს თავის ერთ-ერთ ცნობილ ნაშრომში „ახალი ფილოსოფიის ისტორია" (1969). აღსანიშნავია, რომ XX ს-ში საბჭ. სა­ქარ­თვე­ლოს ოფიც. ფი­ლო­სოფიის წარმომადგენლები ი-ის პრობლემატიკას ხში­რად ცალ­მხრივად, ­მატერიალის­ტუ­რი, მარქსისტულ-ლენინური აზროვნების კონტექსტში განიხილავდნენ. ამის დასტურია ამ პერიოდში გამოქვე­ყნებული არაერთი ნა­შრომი მატერიალიზ­მისა და იდე­ალიზ­მის ურთიერთმიმართების შესა­ხებ (დ. კალანდაძე, ვ. კერძევაძე, ვ. კი­ლაძე, შ. კობახიძე, პ. შარია, ვ. ქაცარავა და სხვ.).

იდე­ა­ლიზ­მისა და იდეალ. ფილოსოფიის სხვა­და­სხვა სა­კი­თხებს ეძღვნება ცნობილი ქარ­თვე­ლი მკვლევრების (მ. გოგიბე­რიძე, ს. წერეთელი, გ. თევზაძე, თ. ბუაჩიძე, ა. პოპია­შვილი და სხვ.) არაერთი საყურადღებო ნა­შრო­მი.

ლიტ.: ბაქრაძე კ., დიალექტიკის პრობლემა გერმანულ იდეალიზმში, ტფ., 1929; მისივე, სისტემა და მეთოდი ჰეგელის ფილოსოფიაში, ტფ., 1936; ბუაჩიძე თ., ჰეგელი და ფილოსოფიის არსების პრობლემა, თბ., 1976; გოგიბერიძე მ., მატერიალიზმის და დიალექტიკის პრობლემების განვითარება მარქსამდე, ტფ., 1928; თევზაძე გ., იმანუელ კანტი, თბ., 1974; ირემაძე თ., ალეთოლოგიური რეალიზმი. შალვა ნუცუბიძე და მისი აზროვნების ახლებური სა­წყი­სე­ბი, გერმ. თარგმნა გ. თავაძემ, თბ., 2013; წერეთელი ს., ლოგიკური კავ­ში­რის დიალექტიკური ბუნების შე­სა­ხებ, თბ., 1956.

თ. ირემაძე