იდუმალა, იმპროვიზაციული ხასიათის მესხურ-ჯავახური საცეკვაო პანტომიმური ქმედება. მას საფუძვლად უდევს უძველესი ცეკვა „ლალოინი", ე. წ. მუნჯური ფერხული (თურქულად ლალ – ნიშნავს მუნჯს, ოინი – ქმედებას).
„ი." „ლალოინის" გართულებული, თეატრალიზებული ვარიანტია. ცეკვის შინაარსი ასეთია: დამპყრობთა მხარეს გადასული და მათგან დაწინაურებული ქართვ. თავადი ყოველნაირად ცდილობს თანამემამულეთა შევიწროებას, რათა მტრის ნდობა დაიმსახუროს. ხალხის მოთმინების ფიალა ივსება, მოღალატეს ამხელენ. იგი თავს გაქცევით შველის.
ცეკვა ძირითადად აგებულია ხაზობრივ პრინციპზე, რაც მის არქაულ წარმოშობაზე მიუთითებს. ზოგიერთი მოძრაობა ცეკვების – „ლაზურისა" და „ხორუმის" – მოქმედებას ენათესავება. თეატრალიზებული სახით აღადგინა ქორეოგრაფმა გ. სალუქვაძემ. მუს. ზომა 4/4/.
ლიტ.: Гварамадзе Л., Грузинский танцевальный фольклор, Тб., 1987.
ლ. გვარამაძე