იენიჩარი (თურქ. yeniçeri – ახალი ჯარი), რეგულარული ქვეითი ჯარის კორპუსი ოსმალეთში. შეიქმნა 1361 მურად I-ის (1360–89) დროს.
თავდაპირველად ი-თა კორპუსს აკომპლექტებდნენ ომის დროს ტყვედ წაყვანილი ქრისტიანი ახალგაზრდებისაგან, რ-ებსაც ამაჰმადიანებდნენ. დაპყრობითი ომების ზრდასთან ერთად საჭირო გახდა ი-თა რიგების გაზრდა. XV ს-იდან შემოღებულ იქნა რეგულარული ჯარის დაკომპლექტების ახ. წესი – დევშირმე (შეკრება) – ბალკანეთის დაპყრობილ ქვეყნებში ქრისტიან ბავშვებს კრებდნენ, ყოველ 10 ოჯახს წელიწადში 3 ან 5 ბავშვი უნდა გამოეყვანა. ამისათვის ოსმალეთში არსებობდა სპეც. ორგანიზაცია „აჯემი ოღლანი" („უცხოელთა ბიჭები"), რ-იც ყმაწვილებს სოფლებში აგზავნიდა თურქ. ენის შესასწავლად, ხოლო 3–4 წლის შემდეგ იწყებდნენ მათ მომზადებას სამხ. სამსახურისთვის.
ამ დროს საქართველოში ძალზე გავრცელებული იყო ტყვის სყიდვა. მონებად გაყიდული ქართველები ხშირად ავსებდნენ ი-თა რიგებს. ქართველები თავიანთი პირადი ვაჟკაცობით ი-თა კორპუსში მაღალ თანამდებობებს იკავებდნენ და ი-თა აღაც (მეთაური) გამხდარან. მაგ., იუსუფ აღა ფაშა-გურჯი დიდი ვეზირიც კი იყო. ი-ები იყვნენ სულთნის ტახტის დასაყრდენი მნიშვნელოვანი პოლიციური ძალა.
XVII ს. დასაწყისიდან სამხ.-ლენური სისტემის კრიზისმა, საგარეო ომებში დამარცხებამ გამოიწვია ი-თა ბრძოლის უნარიანობის დაცემა. შემცირდა მათი რაოდენობა. ი-ები ერეოდნენ სულთნის მთავრობის პოლიტიკაში, აქტიურად მონაწილეობდნენ სასახლის კარზე მოწყობილ შეთქმულებებში და რეაქციული ძალების საყრდენად გადაიქცნენ. 1826 სულთან მაჰმუდ II-მ (1808–39) ი-თა კორპუსი დაშალა.
ლიტ.: სვანიძე მ., საქართველო-ოსმალეთის ისტორიის ნარკვევები, თბ., 1990; მისივე, ოსმალეთის ისტორია, თბ., 1999.
მ. სვანიძე