იერემია იბერიელი, V ს. ქართველი სასულიერო მოღვაწე. კ. კეკელიძის მოსაზრების თანახმად, იგი იგივე იერემია ურჰაელია. მას ბერძნულიდან ქართულად უნდა ეთარგმნა IV ს. თხზულება „დიდაჰე", ანუ „ათორმეტთა მოციქულთა მოძღვრება". კონსტანტინოპოლში არსებულ „დიდაჰეს" ამ ნუსხაში იერემია ურჰაელი თავს „ყარიბობის გამო თავისიანებსა და სამშობლოს დაშორებულ ქართველ მართლმადიდებელს" უწოდებს.
იერემია ურჰაელი (იგივე ი. ი.) იმ სას. პირთა შორისაა დასახელებული, რ-ებიც უგზოობის გამო (ყველა გზა ზღვასა და ხმელეთზე შეკრული იყო) 431 ქ. ეფესოში შემდგარ ანტინესტორულ მსოფლიო საეკლ. კრებას ვერ დაესწრნენ და 431 წ. 13 აგვისტოს კონსტანტინოპოლიდან კრების მესვეურებს წერილი მისწერეს. წერილში ი. ი. ხელს ასე აწერს: „Yeremia Iberos partium Persidis", ე. ი. თავს ქართლის „სპარსული ნაწილის" ეპისკოპოსად ასახელებს.
431-თვის ქართლი რადგან ისევ ბიზანტიასა და ირანს შორის გაყოფილ ქვეყნად რჩებოდა, ი. ი. ირანელთა გავლენაში მყოფი ეპისკოპოსი უნდა ყოფილიყო (კ. კეკელიძე მას მთელი ქართლის ეპისკოპოსად თვლიდა). 439 ქართლი მთლიანად ირანს დაექვემდებარა. ი. ი-მა შესაძლოა ამ დროს დატოვა ქართლი და ქ. ურჰაში (ედესა, ანტიოქია) გადასახლდა, რის შემდეგაც „ურჰაელად" იწოდა. ძვ. წყაროებში რადგან „ურჰა" და „ქართლი" ზოგჯერ იდენტური შინაარსის ტერმინებად იხმარებოდა (იაკობ სპარსის კოპტურ ვერსიაში პეტრე იბერი ურჰაელად იწოდება), გამორიცხული არ არის, ი. ი. „იერემია ურჰაელადაც" მოეხსენიებინათ.
ლიტ.: გოილაძე ვ., ასურელ მამათა სამშობლო და საქართველო, თბ., 2002; კეკელიძე კ., იერემია იბერიელი, წგ.: ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, ტ. 1, თბ., 1956.
ვ. გოილაძე